
ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
23/11/2023 11:23:30 კონფლიქტები, პოლიტიკა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადდა.
რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით იყო წარდგენილი, მხარი 495-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა. კერძოდ, რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა და რეზოლუციას მხარი 495-მა მათგანმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია";"სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:";"რეფორმების ჯგუფი";"ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";"ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროსაბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
რეზოლუციის თანახმად, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი:
კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, უსამძიმრებს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს; მოითხოვს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას და პასუხისმგებელ პირთა გასამართლებას;
იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და ამ რეგიონებში უკანონო „ბორდერიზაციას“ და „პასპორტიზაციას“ და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს ძალები ოკუპირებული ტერიტორიიდან. მოითხოვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებას ადეკვატური დაფინანსებითა და შესაძლებლობებით;
მოითხოვს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას და მოუწოდებს ევროსაბჭოს შექმნას ევროკავშირის სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები;
გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში; ხაზს უსვამს, რომ ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე;
ავალებს თავის (ევროპარლამენტის) პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკომისიას, წევრ სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს, UNHRC-ს (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატს), ICRC-ს (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი), ეუთოს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და რუსეთის ხელისუფლებას.
ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.