თინა ბოკუჩავა: გინტურის მკვლელების „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანას ითხოვდა პარლამენტში ოპოზიცია და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა
23/11/2023 13:05:33 პოლიტიკა
ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ "თამაზ გინტურის მკვლელების „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანას ითხოვდა პარლამენტში ოპოზიცია და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა".
"სწორედ ამ სულისკვეთებით ოპოზიციამ პარლამენტში სრული ოპოზიციური მხარდაჭერით და კონსენსუსით დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა თამაზ გინტურის მკვლელების "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანას და შემდეგ ყველა საერთაშორისო ასპარეზის გამოყენებას იმისთვის, რომ დამნაშავეებზე დაწესებული იყოს სანქციები. ეს იყო სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა, რაც კვლავ ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დღეს იცავს საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მეგობრები, მათ შორის ევროპაში, კერძოდ ევროპარლამენტში მაშინ, როცა გვყავს ხელისუფლება რომელიც ღიად პრორუსულ, კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ატარებს და არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს, როგორც აღმასრულებელ ორგანოს მიმართა, რომ დაწესდეს სანქციები კონკრეტულ პირებზე, დამნაშავეებზე, მკვლელებზე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირებზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა და რეზოლუციას მხარი 495-მა მათგანმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია";"სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:";"რეფორმების ჯგუფი";"ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";"ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროსაბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
რეზოლუციის თანახმად, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.


