Accentnews.ge
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვაზე უარი განაცხადეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვაზე უარი განაცხადეს

24/11/2023 09:45:27 პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვაზე უარი განაცხადეს. შესაბამისი თხოვნით კომიტეტს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მიმართა.

„გუშინ ევროპარლამენტში განიხილეს რეზოლუცია, რომელიც თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ეხება. რეზოლუციით საქართველომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო, რადგან საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მაგვარი ევროპული სიის შექმნაზე, რითაც საოკუპაციო რეჟიმის ყველა იმ წარმომადგენელს, რომელთაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები უხეშად დაარღვიეს, სანქცია უნდა დაუწესდეს. რამდენადაც ბიურომ რეზოლუციის პროექტის განუხილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცა, მოგმართავთ თხოვნით, რომ საკითხი განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში მოხვდეს. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, რომ პარლამენტი - თქვენი პოლიტიკური გუნდი - უარს ამბობს რეზოლუციის პროექტის განხილვაზე. პოლარიზაციის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, გვევალება თანხმობა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაზე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე. გთხოვთ, საკითხი დღის წესრიგში ჩავსვათ. თუ საკითხის განხილვა არ ხდება, გთხოვთ განგვიმარტოთ, რატომ არის პრობლემა რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც მეორე ფრონტის გახსნას არ ითხოვს - ითხოვს, ჩვენი მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას, მით უფრო, როცა მთავრობის დადგენილებით საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავეების სია არსებობს და საუბარია იმაზე, რომ პარლამენტმა მთავრობას აღნიშნული სიის გაფართოებისკენ მოუწოდოს“, - მიმართა აქუბარდიამ კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს.

პასუხად სარჯველაძემ შემდეგი განაცხადა:

„საკითხი დღის წესრიგისთვის დამატებას თავისი ფორმალური პროცედურა აქვს. არასწორია მანიპულაციური განცხადებები, რომ ვინმე განხილვაზე უარს ამბობს - ამის თქმის არც საფუძველი გაქვთ და არც უფლება. რატომ არ არის პროექტი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში? - თქვენ თვითონაც იცით, რომ ეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განსახილველი საკითხი არის ფორმალურად, მაგრამ მასში ჩართული უნდა იყოს მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები. საკითხი ასევე სხვა კომიტეტების კომპეტენციას ეხება - იცით, რომ განხილვას სჭირდება კონსულტაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან, თავდაცვის კომიტეტთან. არაერთი კომიტეტია რელევანტური, რომელთანაც საკითხი გასავლელია".

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

23 ნოემბერს ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S