ჰერჩინსკი: მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა ბრიუსელს გადაუგზავნა
03/12/2023 14:07:41 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ბევრი გააკეთა, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა".
„ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩი იმედოვნებს, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ პოზიტიურ რეკომენდაციას.
„მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან“, – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.
მანამდე, 8 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ გასცა რეკომენდაცია, ქვეყანას სტატუსი 9 დათქმით მიენიჭოს.


