ევროკომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით მიენიჭოს

08-11-2023 16:43:11 პოლიტიკა

ევროკომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით მიენიჭოს.

ევროკომისიის 9 პირობიდან, ზოგიერთი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია. ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე. ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია.

ევროკომისიის 9 დათქმა:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა, მათ შორის – პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე;
  • საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ეს ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

ცნობისთვის: 2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

აღსანიშნავია, რომ ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შემდეგ 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები