ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია
14/12/2023 09:31:42 პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. შეწყალებასთან დაკავშირებით მე კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა მას მიმართა: "თქვენ უარი განაცხადეთ მის [მიხეილ სააკაშვილის] შეწყალებაზე". აღნიშნულის საპასუხოდ პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
"უარი არ განმიცხადებია. შეწყალებასთან დაკავშირებით მე კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მან უზარმაზარი როლი ითამაშა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე, არა მხოლოდ მან, არამედ შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა განაცხადა: „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები შემდეგ ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასდროს" შეიწყალებს მას. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ეს პასუხი განმარტა და თქვა, რომ არ სურს, ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მასვე ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილისთვის "ელექტრონული სამაჯურის" გაკეთების ინიციატივა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.


