Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია ბიჭვინთაზე: "ოცნების“ ანტიპრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე რუსეთმა აფხაზეთის ანექსიისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა"

ოპოზიციის რეაქცია ბიჭვინთაზე: "ოცნების“ ანტიპრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე რუსეთმა აფხაზეთის ანექსიისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა"

27/12/2023 11:45:22 პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტს "ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს" უწოდებენ და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ.

"ქართული ოცნების“ ანტიპრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა დააკმაყოფილა ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნა და რუსეთს გადასცა ბიჭვინთას აგარაკი ქართველი და აფხაზი ხალხის ნების სრული უგულებელყოფით. ასეთი „გადაწყვეტილებები“ უკანონოა. ჩვენ აფხაზ თანამემამულეებთან ერთად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა“, – დაწერა ექს–პრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში.

„ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი საერთოდ არ ანაღვლებს, რადგანაც ისინი კრემლის ინტერესებს ემსახურებიან.

„ცალსახაა, რომ ახლა, საგარეო-საერთაშორისო ველზე უნდა იყოს განგაშის ზარები ატეხილი იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია რუსებზე უვადოდ არ გასხვისდეს, რაც ნიშნავს ოკუპაციის სხვა ეტაპზე გადაყვანას. ეს გაურკვეველი ხელშეკრულებები იქნება უდიდესი პრობლემა, თუ ამ ყველაფერს დაუშვებს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ეს საკითხი არ ანაღვლებს, ემსახურებიან კრემლის ინტერესებს და საერთოდ არ გრძნობენ დისკომფორტს, როდესაც რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე შედის, იჭრება და დამატებით სამუდამოდ ისაკუთრებს რაღაც გაურკვეველი ხელშეკრულებებით საქართველოს ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად იქნება ერთიანი საქართველოს ნაწილი“, - განაცხადა კუპრაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას თქმით, დღეს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა.

მისი თქმით, "აღნიშნულ პროცესზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილმა რუსეთს ანექსიის დასრულებაში ხელი არ შეუშალა".

„2020-2021 წელს განხორციელდა სოფელ აიბგას ფაქტობრივი ანექსია, როდესაც ის კრასნოდარის ოლქს შეუერთეს. ახლა არის ბიჭვინთა და ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდება. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ როგორი არაადეკვატურია „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხის მიმართ. წელიწადნახევარია ვცდილობ ხელისუფლებამ ბიჭვინთის ანექსიის პროცესზე რეაგირება მოახდინოს, რაც გასულ წელს დაიწყო და დღეს დასრულდა. მივმართე მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აღნიშნული ფაქტი განცხადებითაც შეემჩნიათ და პარტნიორებისთვის ადეკვატური რეაგირების მოთხოვნით მიემართათ. სად არის მთავრობა, როცა შეგვეძლო აფხაზური საზოგადოების პროტესტთან ერთად და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციის მეშვეობით ფაქტი შეგვეფასებინა?!“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს. რუსეთის მხარეს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S