ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა

27-12-2023 12:57:25 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

კერძოდ, ბჟანიას ხელმოწერით ე.წ. კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის რატიფიკაციის შესახებ“ ძალაში შევიდა.

მასში ნათქვამია, რომ "კანონი კრძალავს დოკუმენტში მითითებული ობიექტების, მიწის ნაკვეთების და საზღვაო აკვატორიის, აგრეთვე შენობება-ნაგებობების მესამე პირზე გადაცემას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე მომავალში იმ ობიექტების მესამე პირებისთვის გადაცემას, რომლებიც მომავალში აშენდება. აკრძალვა მოქმედებს ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც".

ე.წ. კანონის თანახმად, "მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა გამოიწვევს: რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შეწყვეტას, მის დენონსაციას და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას“.

ამასთან, დე ფაქტო პარლამენტის "დეპუტატებმა" ცვლილიება შეიტანეს ე.წ. სამოქალაქო კოდექსშიც, რომლის მიხედვით „უცხო სახელმწიფოს შეიძლება მიენიჭოს მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება აფხაზეთის რესპუბლიკის რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების, ამ კოდექსისა და მიწის კანონმდებლობის შესაბამისად“.

ცვლილებები შევიდა ოკუპირებული აფხაზეთის „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონშიც“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „თუ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კონსტიტუციური კანონებით განსაზღრულისგან განსახვევულ ნორმებს ადგენს, მაშინ უპირატესობა ენიჭება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონებით განსაზღვრულ ნორმებს“; „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს დენონსაციის გზით, თუ მისი განხორციელება ზიანს აყენებს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ წესრიგს“.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

ცნობისთვის: რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს. რუსეთის მხარეს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები