კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არასდროს ჰქონია
27/12/2023 14:18:02 პოლიტიკა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არასდროს ჰქონია.
"არასდროს არ ჰქონია საქართველოში ბიზნესი, მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული და დღესაც აგრძელებს. უამრავი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით და თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალური მონაცემები, რამდენი მილიარდი დოლარია დახარჯული ქველმოქმედებაზე. მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, რომ ასეთი მხარდამჭერი და საქველმოქმედო პროექტები იქნეს განხორციელებული", – ასე უპასუხა კახა კალაძემ Bloomberg-ის მონაცემების შესახებ დასმულ შეკითხვას.
იხილეთ ასევე: რატომ დაამსხვრია საკუთარი მითი ივანიშვილმა
Bloomberg: ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს – 6.55 მლდ აშშ დოლარს მიაღწია
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, "პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა". ხსენებული ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია.


