ელჩი: რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის
28/12/2023 06:36:28 პოლიტიკა
საქართველოში რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუ აცხადებს, რომ რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის.
"რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდას ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის", – წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს. რუსეთის მხარეს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას".


