ჩეხეთის ელჩი: ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ანულირებული და ბათილია
28/12/2023 13:24:18 პოლიტიკა
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი აცხადებს, რომ "ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ანულირებული და ბათილია".
"ჩეხეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამის დარღვევად მიგვაჩნია აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა, ყველა ამგვარი გადაწყვეტილება ანულირებული და ბათილია", წერს ჩეხეთის ელჩი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს. რუსეთის მხარეს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას".


