ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტს მკაცრად ვგმობთ
29/12/2023 06:28:21 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ქვეყანა "მკაცრად გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის უკანონო გადაცემის ფაქტს".
"რუსეტის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის უკანონო გადაცემის ფაქტს მკაცრად ვგმობთ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, ასევე – გაერო–ს წესდების და ზოგადად საერთაშორისო სამართლის დარღვევა", – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს. რუსეთის მხარეს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას".


