პოლონეთის საელჩო სტალინის გამოსახულებიან ხატს აქვეყნებს: "საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი 1,8 მილიონი პოლონელი გახდა და კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება"
10/01/2024 09:15:43 პოლიტიკა
საქართველოში პოლონეთის საელჩო სტალინის გამოსახულებიან ხატს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ "საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი 1,8 მილიონი პოლონელი გახდა".
მისი ცნობით, "კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება"
"პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ - 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება", – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულია წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც ასევე სტალინია გამოსახული.
გუშინ ხატს საღებავი შეასხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.


