საქართველოს პრეზიდენტი – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე: ბევრი კითხვა მაქვს, არ ვიცი, სად შემუშავდა, ალბათ, ჩინეთში
06/03/2024 17:01:49 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე "ბევრი კითხვა" აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტს შესაბამის კითხვით "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა მიმართა.
მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს აქვს და მათ შორის, საქართველომაც უნდა ჩამოაყალიბოს, "მაგრამ ეს არ ნიშნავს გაურკვევლობის გაჩენას ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვის, ესეც ბალანსია".
"წინა საუკუნეებში იყო პერიოდები, როცა საქართველო თავისი დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა იმპერიათა შორის ბალანსს აწარმოებდა, ეს სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა გარემო. დღეს უნდა ამოვირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და არ უნდა იყოს რაღაცა ლავირება. შეიძლება ძალიან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე მაქვს ბევრი კითხვა, ჯერ ერთი ეს დოკუმენტი არ იქნა შემუშავებული არც პრემიერის ადმინისტრაციაში, არც პარლამენტში, არც განხილულა პარლამენტში. მე მეუბნებიან, თქვენ როგორ ბედავთ წარმომადგენლობის როლის აღებას საგარეო პოლიტიკაშიო, როცა პარლამენტი არის ახალი პოლიტიკის მწარმოებელიო. კონსტიტუციაში ასე წერია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის დამატებთ კითხვაზე, "სად შემუშავდა დოკუმენტი?" პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა: "არ ვიცი, ალბათ, ჩინეთში".
როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტში ორი მისთვის "გაუგებარი აბზაცია":
"წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც ჩემთვის ორი გაუგებარი აბზაცია. ერთი, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენობას: ერთი ზოგადი წინადადებაა, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი და რაღაცა არის აღირებული, შემდეგ გარკვეულად, მკაფიოდ არის საუბარი ერთიან ჩინეთზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დისბალანსი აქ ძალიან ნათლად ჩანს.
მეორე არის ჩვენი შეფასება ჩინეთის მმართველობის, როცა ჩვენი მოდელი მიდის დემოკრატიული რეფორმებისკენ და არა ერთპარტიული მმართველობის მოდელის შეფასება და დაფასება. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვაა ამ დოკუმენტის მიმართ".
რას გვთავაზობს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.


