რას გვთავაზობს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

31-07-2023 19:04:22 ინტერვიუ

საქართველო–ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ დონემდე ამაღლების მოულოდნელი გამოცხადებით გაჩენილი ეჭვები არ მოუხსნია ერთობლივ განცხადებას, რომელიც თანამშრომლობის ოთხ ძირითად მიმართულებას აყალიბებს ზოგადი ხასიათისა და გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით: ყალიბდება ორი ბანაკი ორი ზესახელმწიფოს ლიდერობით, რომლებიც პლანეტას მსოფლიო წესრიგის ორ სრულიად განსხვავებულ მოდელს სთავაზობენ.

თავის მხრივ, საქართველოს მართალია, კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ რიგი გადაწყვეტილებები, მათ შორის ქვეყანაში გაცხოველებული ანტიდასავლური კამპანია, სადაც ხშირად მმართველი გუნდის წევრები გვევლინებიან შეთქმულების თეორიების გამავრცელებლებად, მსუბუქად რომ ვთქვათ, წარმოშობს კითხვებს დეკლარირებული კურსისადმი ხელისუფლების ერთგულებასთან მიმართებით.

ორაზროვნება შეთანხმებაში

კვლავ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას რომ დავუბრუნდეთ, დოკუმენტში, მათ შორის, „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევრის გიორგი ანთაძის ყურადღება მიიქცია რამდენიმე ჩანაწერმა, რომელიც გვთავაზობს ჩინეთის ხედვას, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მსოფლიო წესრიგი; გვთავაზობს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობის პეკინისთვის მისაღებ ფორმას და ფაქტობრივად საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებასთან მიმართებით მისი ხედვების გამზიარებლად მოიაზრებს.

„ამგვარი ხედვების დიდი ნაწილი განსხვავდება, ხშირ შემთხვევაში კი კონფრონტაციაშია მსოფლიო წესრიგის თაობაზე ევროატლანტიკური სივრცის ხედვასთან, მის ინტერესებთან. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ამ დაპირისპირებაში ჩვენ ეროვნული ინტერესები დავაზარალოთ. მხარეებში ვგულისხმობ ევროატლანტიკურ სივრცეს აშშ–ის თაოსნობით და ჩინეთს. ორივე დედაქალაქი ესწრაფვის მის გარშემო სამხედრო–პოლიტიკურ–ეკონომიკურ–ტექნოლოგიური „ალიანსების“, ყოველ შემთხვევაში, მეგობარი სახელმწიფოების შემოკრებას. თუ გადავხედავთ ნატოს ბოლო სამიტის კომუნიკეს, აშშ–ის სტრატეგიულ დოკუმენტებს, დიდი ბრიტანეთის თუ სხვა ევროპული სახელმწიფოების ანგარიშებს ჩინეთთან მიმართებით, სახეზე გვაქვს მსოფლიო, სადაც ორი დაპირისპირებული ბანაკი ყალიბდება და ეს დაპირისპირება იქნება ყველა სფეროში იმ თანამშრომლობის ფონზეც, რაც გლობალიზებულ სამყაროში დაპირისპირებულ ბანაკებს ერთმანეთთან მაინც აკავშირებთ“,– უზიარებს საკუთარ დაკვირვებას „აქცენტს“ ანთაძე.

რომელ ბანაკში აღმოჩნდება საქართველო, ცხადია, მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ ფონზე, რომ კონსტიტუციურად აქვს ქვეყანას გაცხადებული კურსი – მიისწრაფვის ევროატლანტიკური სივრცისკენ. ამ ფონზე, ანთაძის ხედვით, პეკინისა და თბილისის შეთანხმება ქმნის გარკვეულ ორაზროვნებას იმ თვალსაზრისით, რომ აჩენს „გარკვეულ წინაპირობებს, თუ ვინმეს ამგვარი მისწრაფება გაუჩნდება, საქართველოს სტრატეგიული კურსი უფრო მრავალვექტორული გახდეს – შეიძლება, გარკვეულწილად შეიცვალოს და უფრო აღმოსავლეთზე ორიენტირებული გახდეს, ვიდრე დასავლეთზე“.

„ახლა ამაზე ხელაღებით ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ტექსტი ამგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა“,– აჯამებს ანთაძე.

ცხადია, თანამშრომლობა ქვეყანას შესაძლებლობებს სთავაზობს, მაგრამ მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ზედმიწევნით ფრთხილი პოლიტიკა იქნება საჭირო, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფომ ისარგებლოს პოტენციური სიკეთეებით, მეორეს მხრივ არ დააზიანოს ეროვნული ინტერესები, კონსტიტუციური მიზნები:

„როგორც უკვე ვთქვით, ყალიბდება ორი გრავიტაციის წერტილი – ვაშინგტონი–პეკინი, მათ შორის არის გლობალური კონკურეცია ყველა სფეროში, არა მხოლოდ კონკურენცია, ტექნოლოგიების სფეროში აშშ–ს ხისტი პოლიტიკა აქვს. ამ ფონზე მაგალითად, ვიზიტის დროსაც იყო და მემორანდუმშიც არის საუბარი ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობაზე. ვიცით, რომ მაგალითად, „ჰუავეი“ დასავლურ სამყაროში სანქცირებული კომპანიაა, მისი ნაწარმისთვის დიდწილად დაკეტილია დასავლეთის ბაზარი. ჩვენ აშშ–სთან მემორანდუმი გვაქვს 5 G ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც გვავალდებულებს, ფრთხილად ავარჩიო პარტნიორები, ტექნოლოგიები და ერთმანეთი საქმის კურსში ჩავაყენოთ. ამდენად, სახეზე გვაქვს ორმხრივი დაპირისპირების არეალი და ეს ხელშეკრულება როგორც ბენეფიტების მომცემი შეიძლება იყოს, ისე არის გარკვეული რისკების შემცველიც და მათი პრევენცია, ჩვენზეა დამოკიდებული. თუ გვექნება დემოკრატიის მაღალი ხარისხი, შევძლებთ ბალანსის დაცვას, შესაძლოა, მაქსიმალური ბენეფიტი მიიღოს ქვეყანამ. მაგრამ ამისთვის აუცილებელი იქნება, ქვეყანამ რადიკალურად არ შეიცვალოს კურსი აღმოსავლეთის, ჩინეთის მიმართულებით, რადგან ამას შესაძლოა სხვა გვერდითი შედეგები მოჰყვეს დასავლეთის მხრიდან“.

პარტნიორების ჩანაცვლების მცდელობა?

მას შემდეგ, რაც თბილისმა და პეკინმა ურთიერთობების სტრატეგიულ დონემდე ამაღლების შესახებ გამოაცხადეს, სოციალურ ქსელების მომხმარებლები, მათ შორის ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართულნი ინტენსიურად განიხილავდნენ, არის თუ არა ეს ქვეყანაში კოლექტიური დასავლეთის, მათ შორის აშშ–ის ყოფნის შეზღუდვის მცდელობა მისი ჩანაცვლების პერსპექტივით.

ამასთან დაკავშირებით ანთაძე ამბობს, რომ ერთის მხრივ, ჩაანაცვლო ის, ვინც შენი სუვერენიტეტის, ეკონომიკური წინსვლის გარანტორი იყო 30 წლის განმავლობაში, რომელსაც თუ რამ კეთილდღეობა არსებობს საქართველოში, ლომის წვლილი მიუძღვის, ასე მარტივად ვერ გამოვა, რადგან სულ სხვა პოლიტიკური და სტრატეგიული კულტურის მატარებელია ჩინეთი: „ამდენად, ჩანაცვლება პირდაპირ შეეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს“.

თუმცა, მკვლევარი ამბობს იმასაც, რომ გარკვეულ სფეროებში, თუნდაც ვაჭრობის თვალსაზრისით, რეგიონში ჩინეთის დამატებითი ინტერესების გაჩენა, რუსეთთან მიმართებით საფრთხეები შესაძლოა, დააბალანსოს:

„რეგიონში ჩინეთის გაზრდილი ინტერესი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გარკვეული პრევენცია იქნება, რუსეთმა უფრო თავშეკავებული პოლიტიკა აწარმოოს საქართველოსთან მიმართებით. აქ ლოგიკა არის, მაგრამ რისკებთან მიმართებით ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ფხიზლად ვიქნებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ: სადამდე მიუშვებ პროცესს და რა დოზით. ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ანაკლიის პორტი ჩინური ინვესტიციით განვითარდეს. პორტში ინვესტიციებს ისე არავინ ჩადებს, თუ წინასწარ არ გაანგარიშდება, თუ საიდან უნდა მოიზიდონ ტვირთები. პირობითად, თუ აქ ჩინური ინვესტიცია ჩაიდება და დასავლეთისთვის განკუთვნილი ჩინური ტვირთების ნაწილი სანქციების პირობებში რუსეთის გვერდის ავლით აქ გაივლის, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთ ბერკეტს შესძენს საქართველოს: ჩინეთის მხრიდან ინტერესი – გაზრდილი კაპიტალი გარკვეული პრევენციის საშუალება ნამდვილად იყოს, რუსეთისგან მეტი ესკალაციის საფრთხე არ გაჩნდეს იმ პირობებში, როდესაც ბუნდოვანია, როგორ დასრულდება უკრაინის ომი. მაგალითად, ჰამბურგის პორტში იმ ოდენობის აქციების გასხვისება მოხდა ჩინეთზე, რაც ერთის მხრივ, ეკონომიკურ ბენეფიტს აძლევს ევროპას, მაგრამ არ აძლევს ჩინეთს საშუალებას, გადამწყვეტი ხმები ჰქონდეს მმართველ დირექტორთა საბჭოში. დაახლოებით ამგვარი მიდგომებით (მიიღო ბენეფიტი და დააბალანსო რისკი) მოქმედება შესაძლებელია. ცხადია, გაზრდილი ტვირთბრუნვა ქვეყნის ინტერესშია, ხოლო რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთის უმცროსი ძმა კი არა, უმცროსი პარტნიორიც ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, ამგვარი ბერკეტის გაჩენა ჩვენთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კარგი იქნება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს დასავლური ინტეგრაციის ხარჯზე!“.

მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესშია დასავლური ინვესტიციები, რასაც ორმხრივი კომუნიკაცია სჭირდება და ამ მხრივ საქართველოს მეტი მუშაობა სჭირდება, მაგრამ აშშ–მაც კონკრეტული და უფრო გრძელვადიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს საქართველოსთან, შავ ზღვასთან მიმართებაში:

„უფრო მკაფიო და თანმიმდევრული უნდა იყოს მის ნაბიჯებში. ვიცით, რომ კონგრესში დარეგისტრირებულია შავი ზღვის სტრატეგია. აქტიურად იწერება, რომ ჩინეთი აქტიურად მუშაობს, აფართოებს გავლენის არეალს, აშშ–ის კი გეგმაზომიერი მწყობრი სტრატეგია ჯერ არ ჩანს. ამდენად, თუ დასავლური ინვესტიციები გვინდა, ორივე მხარემ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვეულებრივი ბუნების კანონი მუშაობს – ვაკუუმს ყოველთვის სხვა ავსებს“.

საქართველო კვლავ გზაგასაყარზე?

ჯამში, პეკინისა და თბილისის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულება ორაზროვანია – იძლევა ინტერპრეტაციების შესაძლებლობას და გვთავაზობს თანამშრომლობის როგორც დიდ პერსპექტივებს, მოიცავს რისკებსაც. რისკებს კი პრევენცია სჭირდება და სიფხიზლე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდანაც:

„კავკასია ხშირად იყოს დაპირისპირების მომიჯნავე რეგიონი იყო. თუ ეს გლობალური ტენდენციები გაგრძელდება (და როგორც ჩანს, გაგრძელდება), საქართველო კვლავ გზაგასაყარზე აღმოჩნდება. საკუთარი ინტერესები ჩვენ მაქსიმალურად უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ამ კონკურენციისგან მაქსიმალური ბენეფიტი მივიღოთ. ჩინეთს არ ახასიათებს მეტ–ნაკლებად სტაბილური ქვეყნების პოლიტიკურ მოწყობაში ჩარევა, განსხვავებით დასავლეთისგან, რომელიც შენგან დემოკრატიის მაღალ სტანდარტს ითხოვს, რადგან გვსურს, მისი ოჯახის წევრი გავხდეთ. ჩინეთი საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს ნებისმიერი ტიპის სახელმწიფოში“.

ამდენად, ერთია მოტივატორი, რომ იყო უკეთესი ქვეყანა, შესაბამისად, უკეთ ცხოვრობდნენ შენი მოქალაქეები, ხოლო მეორე მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ და მაინც შეეცდება საკუთარი ინტერესების გატარებას. რაც უფრო სუსტი იქნება შენი ინსტიტუტები, მეტი იქნება გავლენა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები