Accentnews.ge
ხუნდაძე: თუ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?!

ხუნდაძე: თუ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?!

22/03/2024 11:45:36 პოლიტიკა

„ხალხის ძალის” წევრი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ტყუილია, ოპოზიციის მტკიცება, რომ მოსახლეობა ქვეყნიდან მასობრივად გადის.

„მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიანო, 800 ათასი მოქალაქე გაიქცაო. მეგობრებო, აბსოლუტური ტყუილი, უსინდისო, უწიგნური და არაფერს დაფუძნებული ტყუილია. 800 ათასი მოქალაქე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ერთად აღებული ყველა ხელისუფლების დროს არ გასულა ქვეყნიდან ისე, რომ უკან არ დაბრუნებულიყო, მაგრამ სპეკულირებენ, ამდენი ადამიანი გავიდაო. სხვათა შორის, ქვეყნიდან გასვლა დანაშაული არ არის, მაშინ გამოვაცხადოთ საბჭოთა კავშირი და საზღვრები ჩაკეტოთ. ვიზალიბერალიზაცია რატომ მივიღეთ? იმიტომ,რომ გავაადვილოთ. როცა ქვეყნიდან გადიან ადამიანები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გარბის. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 5-ჯერ მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან. ჩემი ოჯახის წევრიც არის წასული, ძალიან ბევრი ჩემი მეზობელი და მეგობარიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა. დღეს ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციოში, მით უმეტეს, ოპოზიციურში ერთი და იმავე ინფორმაცია ტრიალებს, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?!“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს საქართველო 125 000–მა პირმა დატოვა, მათ შორის 101 000 ქართველი იყო. ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, 21 ათასით მეტია.

ემიგრანტებს შორის პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ხოლო იმიგრანტებს შორის პირველ ადგილზე – რუსეთის მოქალაქეები. ანუ 2022 წელს საქართველოში რუსი უფრო მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქართველი.

კერძოდ, მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების რაოდენობა ასე განაწილდა:

  • რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;
  • საქართველო - 54,405 ადამიანი;
  • უკრაინა - 20,716 ადამიანი;
  • ბელარუსი - 13,361 ადამიანი;
  • ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

საქსტატს მიგრაციასთან დაკავშირებით 2023 წლის ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ამავე თემაზე: შს მინისტრი – მიგრაციაზე: "ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება ეს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S