შს მინისტრი – მიგრაციაზე: "ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება ეს"

20-03-2024 16:07:30

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ.

საპასუხოდ მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

"მიგრაციაში ხალხი მიდის, ხაზი რომ გავუსვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან. მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. ჩემს კოლეგებსაც აქვთ ეს პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან გერმანიაში. თვლიან, რომ სამუშაო ანაზღაურება იქ მეტი ექნებათ. მესმის. მე გამიხარდება, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე დაბრუნდეს და საუკეთესო პირობები ჰქონდეს ჩვენთანაც. [ოპოზიციის მონაცემები] 800 000 რაც იყო, არასწორი რაოდენობაა, ეგ არის მთლიანად ვინ გავიდა, მოქალაქე, მეც, თქვენც, რაც მოვიკითხე, თითქმის იგივე შემოვიდა", – განაცხადა გომელურმა.

მისივე თქმით, მიგრაციის სტატისტიკას შსს არ აწარმოებს, ამას აკეთებს საქსტატი, რომელიც 2023 წლის მონაცემებს ივნისში გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე: "წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, დეზინფორმაცია არის" – ოხანაშვილის მტკიცება და საქსტატის მონაცემები

ცნობისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს საქართველო 125 000–მა პირმა დატოვა, მათ შორის 101 000 ქართველი იყო. ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, 21 ათასით მეტია.

ემიგრანტებს შორის პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ხოლო იმიგრანტებს შორის პირველ ადგილზე – რუსეთის მოქალაქეები. ანუ 2022 წელს საქართველოში რუსი უფრო მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქართველი.

კერძოდ, მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების რაოდენობა ასე განაწილდა:

  1. რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;
  2. საქართველო - 54,405 ადამიანი;
  3. უკრაინა - 20,716 ადამიანი;
  4. ბელარუსი - 13,361 ადამიანი;
  5. ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

საქსტატს მიგრაციასთან დაკავშირებით 2023 წლის ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები