საფრანგეთში ქართველ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
23/12/2019 07:35:29 სამართალი
საფრანგეთში ქართველ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს კახაბერ შუშანაშვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ფრანგული პრესა წერს, სასამართლომ ის მეტოქე კლანის წარმომადგენლის ვლადიმირ ჯანაშიას მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო.
ფრანგული მედიისცნობით, შუშანაშვილმა ჯანაშიას მკვლელობა 2010 წელს ესპანეთიდან დაუკვეთა. მასზე თავდასხმა ნიცაში 2010 წლის 14 თებერვალს განხორციელდა, როდესაც სამკაციანმა ჯგუფმა მის ბინაში შეჭრა სცადა. თუმცა ჯანაშიამ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ბინიდან გაქცევა შეძლეს. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ, 18 მარტს ჯანაშია მარსელში მოკლეს. აღნიშნული საქმის ფარგლებში სამუდამო პატიმრობა ასევე მიესაჯა დავით მაზანაშვილს.
ჯანაშიას მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით კიდევ სამი ქართველი გასამართლდა. მათგან ერთ-ერთი ზურაბ ნადირაშვილი მხოლოდ ყალბი საბუთების გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ, მკვლელობასთან კავშირის ბრალდება კი მოუხსნეს, ის სასამართლომ გაათავისუფლა. საქმის კიდევ ორ ფიგურანტს, მიხეილ წულუკიძესა და მინდია კოზანაევს შვიდი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


