ანა წითლიძე: "ივანიშვილის პარტიის მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის და „ქართული ოცნება“ ამ გზაზე საბოტაჟს განაგრძობს"
03/04/2024 09:08:22 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, "საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია".
წითლიძის თქმით, “რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიზანს, გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ კიდევ ბევრს იზამს ევროპული კურსის დაზიანების მიზნით".
“მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსული კანონის მიღება არის ის, რაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დააზიანებს, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გადაუაროს, რომლებმაც მარტის აქციების დროს რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძოლეს და ეს კანონი პარლამენტში დააბრუნოს. შემთხვევითი არც ისაა, რომ რუსული კანონის ინიცირებამდე ივანიშვილის პარტიამ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა. ამით დაადასტურა, რომ არც ერთი იმ ვალდებულების შესრულებას არ აპირებს, რომელსაც ჩვენგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.


