03-04-2024 12:58:57 პოლიტიკა
ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების თაობაზე.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მმართველ პარტიას სურს, "ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვოს რუსეთს".
„ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები. ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, წინა ამბიდან, როდესაც ცარიელ ადგილზე შექმნეს საბედისწერო პრობლემა. ფოცხი არის ასეთი რამ - სასოფლო- სამეურნეო ნივთი და თუ გადმოტრიალებული გდია, რომ მიხვალ, მის კბილებს რომ დააბიჯო, თავში ტარი გხვდება. „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ დააბიჯა ამ ფოცხს და მოირტყა ტარი თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს კიდევ დარეტიანდება თუ არა. ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება ამას და არ ჩაივლის მარტივად. რატომ აკეთებენ ამას ცარიელ ადგილზე, რატომ ქმნიან ასეთ საბედისწერო ამბავს? ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება. ეს კანონი შინაარსითა და სულისკვეთებით არის რუსული კანონი. არანაირი "ფარა" და არანაირი უცხოური გავლენის კანონები არაფერ შუაშია”,- განაცხადა პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
"ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” მარცხდება და როგორც „სხვა ბოროტ ძალებს სჩვევიათ”, ცდილობს ამ მარცხში მთელი ქვეყანა ჩაიყოლოს.
"ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან იმიტომ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს. მაშინ, როდესაც თქვენ, ჩვენ და ამ ქვეყნის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაკეთებული და გაცხადებული არჩევანი – საქართველო მიდის ევროპისკენ და აუცილებლად მივალთ იქ, თუ "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ჩაეხსნას ამ პროცესს, ჩაეხსნას და დარჩეს წარსულში”, –განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ“რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიზანს, გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი".
“მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსული კანონის მიღება არის ის, რაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დააზიანებს, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გადაუაროს, რომლებმაც მარტის აქციების დროს რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძოლეს და ეს კანონი პარლამენტში დააბრუნოს. შემთხვევითი არც ისაა, რომ რუსული კანონის ინიცირებამდე ივანიშვილის პარტიამ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა. ამით დაადასტურა, რომ არც ერთი იმ ვალდებულების შესრულებას არ აპირებს, რომელსაც ჩვენგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, „ქართულ ოცნებას” ქვეყნის უკანსვლის საშუალება არ მიცენ":
„მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა უპრეცედენტო გამარჯვება, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში ამის საზეიმოდ და საქართველოს ნაკრები თავდაუზოგავი შრომით, ჩვენი ფეხბურთელების თავგანწირვით მიდის ევროპის ჩემპიონატზე, „ქართულმა ოცნებამ” კვლავ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა. მივმართავ ყველას, მათ შორის ქალებს, ახალგაზრდებს, ყველა ადამიანს, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იდგა შარშან მარტში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის უკანსვლის საშუალება".
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა, არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს".
"ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ რუსული კანონი და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი. თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციასა და ქართულ დემოკრატიაზე, იყო გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი გაბედავდნენ, კიდევ ერთხელ შემოეტანათ კანონი, რომელიც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ჩვენ ვწყვეტთ და არა კრემლის დიქტატითა და “ქართული ოცნების” კარნახით. ამ მოცემულობაში ბრძოლის გადამწყვეტი ფაზაა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ გვებრძოლა ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე, დაგვეგმო ის კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” და არა “გირჩმა” დააინიცირა პარლამენტში, რათა ქალთა თანამონაწილეობა მოეშალა, მაგრამ დღეს ქალები კვლავ ძლიერები ვიქნებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდეს ის წარსული, რომელიც სურს „ქართულ ოცნებას” და საქართველოში კრიტიკული აზრი, დამოუკიდებელი ხმა და და ქვეყნის ევროპული არჩევანი იყოს დაცული”, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
“ევროოპტიმისტების” წევრი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, "ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, დათმოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი".
“ეს არის რუსული კანონი, რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული. ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამას წინ უძღოდა სხვა კანონებიც, მათ შორის, საარჩევნო კანონის შეცვლაც. ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ძალაუფლებისავე შენარჩუნების სანაცვლოდ, დათმოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ხელისუფლება არის მოღალატე, რომელიც ქუჩაში აბრუნებს რუსულ კანონს და ქუჩაშივე გამოსული ასი ათასობით ხალხი მიუჩენს ამ პარტიას ისტორიულ სანაგვეზე ადგილს. ამათი გაქაჩვების არავის არ ეშინია - არავის. ბიძინა ივანიშვილი იქნება დასანქცირებული, ამასაც მალე ვნახავთ. ვინაიდან, ამ სხდომას ივანიშვილი ესწრებოდა და როგორც არ უნდა დაიმალოს, როგორც არ უნდა გამოჩნდეს თვეში ერთხელ პანაშვიდებზე, ვერ ამოეფარება თავის პარტიას უკან. ბიძინა ივანიშვილი და თავისი პარტია არის დამნაშავე, რომელიც “რუსულ კანონს” აბრუნებს უკან.[...] არ შერჩებათ - ხალხი გამოვა ქუჩაში”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. მან თქვა, რომ პროექტის შინაარსი უცვლელი იქნება, თუმცა იქნება მხოლოდ ერთი ცვლილება – "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად მიეთითება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარი".