პრეზიდენტი: საქართველოს ევროპული გზა ვერ შეჩერდება
03/04/2024 14:28:35 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული გზა ვერ შეჩერდება.
"წარსულის აღდგენა არავის შეუძლია. ვერცერთი რუსული კანონი და ვერცერთი დესტრუქციული პოლიტიკა ერს გადამწყვეტი მიზნის მიღწევაში ხელს ვერ შეუშლის. No passaran! (არ გამოუვათ)", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მანამდე, მან "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების გამო "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას "არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გააჩნია".
მისი თქმით, "დღეს "ოცნება" არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის საბოტაჟით".
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე პასუხი არის "არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა":
ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ერთი ევროპული დროშით გასვლის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა დააზუსტა, რომ ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც პარტიების გაერთიანებას:
„პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია „რუსული კანონი“ და რუსული მიმართულება, პასუხი არის მხოლოდ ერთი, ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. [...] არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითები არის, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა, უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაცია არის საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა. ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. რაც არ ნიშნავს პარტიების მაინც და მაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას და რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობა ევროპაზე. ამ დროშას ბოლომდე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებზე. ვერაფერი უზამს ამ გეგმებს თუ ხრიკებს, რასაც დღეს „ოცნება“ ატრიალებს“.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.


