ბექა ლილუაშვილი: როგორც წინა ჯერზე, წარვადგენთ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენებისგან დაცვის შესახებ
04/04/2024 08:03:42 პოლიტიკა
პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირების შემდეგ ისინი წარადგენენ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ.
„გვინდა გამოვეხმაუროთ, ხელისუფლების მიერ "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის განმეორებით ინიცირებას. მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, ტყუილებში ჩაკარგულ “ოცნებას” კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. დღეს, ძალიან კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული „ქართული ოცნება”, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს. ყოველ ჯერზე, როდესაც საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ბიძინა ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს გააღრმაოს პოლარიზაცია. დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” მანიპულირებს, თითქოს იმით, რომ ის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს, ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, NGO-საც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას. ჩვენ გამჭვირვალობასთან არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. თუ ვინმეს აქვს გამჭვირვალობის პრობლემა და დისკომფორტს უქმნის ანგარიშვალდებულება, ესაა თქვენ და თქვენი ხელისუფლება. [...] როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობდე და არათუ ათანაბრებდე ოკუპანტს და სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ ოკუპანტ სახელმწიფოზე მეტად ერჩოდე და ემუქრებოდე სტრატეგიულ პარტნიორს. მერე გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რადაც ეს კანონის საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად შეაფასა რუსულ კანონად. ამიტომ რუსულის ძახილის ნაცვლად ადექით და დაარწმუნეთ აბა ეს ადამიანები, რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული. ჩვენთვის ტოლობის ნიშნის დასმა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის დაუშვებელია, ამიტომ როგორც წინა ჯერზე, ჩვენ წარვადგენთ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


