03-04-2024 17:09:33 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გააჩნია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
"ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით (ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ) – რუსული კანონის ინიცირება, დაგემთხვიათ 31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ – არც ეროვნული და არც ევროპული [სულისკვეთება]. დღეს ეს ორი ცნება – ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, დაინახოთ, არ გინდათ, მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ მიმართულებით – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნება აქ. [...] "ოცნებამ" უკვე თავისი სახე გამოაჩინა. მან თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, "დღეს "ოცნება" არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის საბოტაჟით".
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე პასუხი არის "არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა":
"პასუხი ამ ყველაფერზე – ამ უზრდებლობაზე, უხეშობაზე და ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ქვია რუსული კანონი, არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა".
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.