ოხანაშვილმა დეპუტატს, რომელიც პარლამენტში ჟურნალისტების ნაწილის არშეშვებაზე საუბრობდა, მიკროფონი გამოურთო
15/04/2024 06:47:35 პოლიტიკა
"სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება და უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით ონლაინ მედიის წარმომადგენლებს", - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ წევრმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.
საპასუხოდ ოხანაშვილმა დეკანოიძე ჯერ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და შემდეგ მას მიკროფონი გამოურთო.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, "მისი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გათიშოს მიკროფონი და თქვას სიმართლე".
„ტყუილია! თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს!“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის: დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ - ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ.
საკანონმდებლო ორგანო მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში "უსაფრთხოების ყვითელი დონე" იმოქმედებს. საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესი საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.
პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება.
აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


