Accentnews.ge
ოპოზიცია:კანონი არ ამოქმედებულა და ჟურნალისტების ნაწილი უკვე არ შეუშვეს პარლამენტში, ესაა მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება მისი მიღების შემთხვევაში

ოპოზიცია:კანონი არ ამოქმედებულა და ჟურნალისტების ნაწილი უკვე არ შეუშვეს პარლამენტში, ესაა მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება მისი მიღების შემთხვევაში

15/04/2024 06:07:25 პოლიტიკა

ოპოზიცია ეხმიანება მედიის ნაწილის დღეს პარლამენტში არშეშვების ფაქტს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ეშინია.

როგორ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, "ჯერ კანონი ამოქმედებული არ არის და ჟურნალისტების ნაწილი უკვე არ არის დაშვებული საქართველოს პარლამენტში, ზუსტად ეს არის ძალიან მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში."

„მინდა სრული პატივისცემა და სოლიდარობა დავუდასტურო მედიასაშუალებებს. სამარცხვინოა, რომ დღეს, „ქართული ოცნება“ აპირებს „რუსული კანონი“ განიხილოს საქართველოს პარლამენტში და ეს გააკეთოს, რა თქმა უნდა, რუსულ სტილში. ჯერ კანონი ამოქმედებული არ არის და თქვენი კოლეგების, საზოგადოების თვალი და ყური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე არ არის დაშვებული საქართველოს პარლამენტში, ხალხის ორგანოში. ეს არის ზუსტად ძალიან მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში. აი, ასე დაიწყება თანდათან და აიკრძალება ყველა, ვისაც ექნება თავისუფალი, განსხვავებული სიტყვის თქმის და საზოგადოებამდე მიტანის სურვილი. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას, ნუ გეშინიათ, საკუთარი მოქალაქეების ხმის გაგონების. ვიცით, რომ ძალიან ეშინიათ და განსაკუთრებით, მედიასაშუალებების ეშინიათ, ამიტომ არის ეს შეზღუდვა,“ - განაცხადა "ლელოს" წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი გამჭვირვალობა და შინაარსი არ აინტერესებს, ეს რომ აინტერესებდეს, მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში გადაადგილების შესაძლებლობას არ დაუბლოკავდა".

"არანაირი გამჭვირვალობა „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს, როცა ეშინია მათ შორის, ონლაინ მედიების, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია. გამჭვირვალობა რომ უნდოდეს, ივანიშვილის და ღარიბაშვილის ფინანსებით დაიწყებდა, - აცხადებს მანჯგალაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების ნაწილის პარლამენტში არშეშვება სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა:

"მოვუწოდებთ და მოვთხოვთ, იმიტომ, რომ ეს „რუსული კანონი“ სხვა არაფერია თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა და როგორც ჩანს, სწორედ ამ სცენარით ვითარდება ახლა პროცესი. ამიტომაც მოვითხოვთ „ოცნებისგან“ და პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ გახსნას პარლამენტის კარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ქართველი ხალხის პარლამენტი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა აქვს ჩაფიქრებული „ოცნებას“. ამას არ გავატანინებთ,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

მსგავსი მოწოდებით გამოვიდა „ევროოპტიმისტების“ წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე:

„ჩვენ ყველა ერთად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ პაპუაშვილს, რომ მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რომ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შემოვიდნენ საქართველო პარლამენტში".

ცნობისთვის: დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ - ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ.

საკანონმდებლო ორგანო მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის.

"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში "უსაფრთხოების ყვითელი დონე" იმოქმედებს. საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესი საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.

პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს.

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია გაიმართება.

აქცია - „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S