თბილისში პლაკატების გაკვრის შემზღუდავი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა
26/12/2019 09:10:34 სამართალი
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომელიც ეხება „პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“. დავის საგანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის ის ნაწილი, რომელიც გამორიცხავს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მესაკუთრის მიერ, ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტების პირველი წინადადების მიხედვით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის ამოწურვად საფუძვლებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის ნორმა, რომელიც სხვა თვითმმართველი ერთეულების შემთხვევებს არეგულირებდა, მისი სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ვიზუალური საშუალებების განთავსებით გამოხატვის თავისუფლების საპირწონე ვერ იქნებოდა ამა თუ იმ შენობა-ნაგებობისა და მუნიციპალიტეტის იერსახის ხანმოკლე და დროებითი სახეცვლილება. შესაბამისად, სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას.


