შსს – არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც გორში ეძებდნენ, კანონიერ წარმომადგენლებთან იმყოფება
27/12/2019 06:09:25 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 წლის არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც გორში 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, კანონიერ წარმომადგენლებთან იმყოფება.
შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა გოგონა კანონიერ წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში კი საოჯახო სახლის ადმინისტრაციას მიუყვანეს, სადაც ის ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდეგ, უკვე თითქმის 1 წელია ცხოვრობს.
მოზარდის დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გორის საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ 26 დეკემბერს მას შემდეგ აცნობა, რაც საოჯახო სახლის შემოწმების შედეგად გოგონა ადგილზე არ აღმოჩნდა. დაწესებულების შინაგანაწესის თანახმად, ბენეფიციარები 22 საათზე საოჯახო სახლში უნდა იმყოფებოდნენ. მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 23 დეკემბერს გაუჩინარდა. გოგონაზე ძალადობისათვის მისი 39 წლის მამა საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრს იხდის. ის პოლიციამ მიმდინარე წლის თებერვალში დააკავა.


