სარეკლამო კომპანია "პანდა" "ფეისბუქის" ბრალდებების ნაწილს ადასტურებს
27/12/2019 06:23:25 სამართალი
სარეკლამო კომპანია "პანდა", რომელიც "ფეისბუქმა" რამდენიმე დღის წინ, გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ბრალდებების ნაწილს ადასტურებს.
"პანდა" აღიარებს, რომ "ფეისბუქზე" თავიანთი რესურსებით ოპოზიციას, კერძოდ კი "ნაციონალურ მოძრაობას" მიზანმიმართულად აკრიტიკებდნენ, თუმცა, ვიდეოს თანახმად, ისინი ამას აკეთებდნენ არა "ქართული ოცნების" სიყვარულით", არამედ "დიქტატურის დაბრუნების შიშით".
"პანდა" ასევე ადასტურებს "ფეისბუქის" განცხადების იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ ისინი სისტემურად მუშაობდნენ.
ცნობისთვის: „ფეისბუქმა“ თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, 'ჩართულები იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა". დადგინდა ასევე, რომ წაშლილი გვერდები პარტია „ქართულ ოცნებასთან” და სარეკლამო კომპანია "პანდასთან" იყვნენ დაკავშირებულები. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს.
"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია "პანდასა" და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება“, - ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.


