Accentnews.ge
შალვა შავგულიძე განმარტავს, რატომ არის სანქცების ერთადერთი მიზანი ორგანიზაციის პარალიზება

შალვა შავგულიძე განმარტავს, რატომ არის სანქცების ერთადერთი მიზანი ორგანიზაციის პარალიზება

01/05/2024 12:43:12 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაკისრებას ერთადერთი მიზანი აქვს – მოახდინოს მათი პარალიზება.

როგორც მან პარლამენტის სხდომაზე განმარტა, თუ ორგანიზაცია თვითონ არ ირეგისტრირებს თავს უცხოური ძალის გამტარად, ხელისუფლებას მონიტორინგის მეშვეობით შეუძლია გამოავლინოს, რომ ამ ორგანიზაციას აქვს ასეთი შემოსავალი, დაარეგისტრიროს და ეს ინფორმაცია გახადოს საჯარო.

მისი თქმით, ხელისუფლების მონიტორინგით გამჭვირვალობა სანქციების გარეშეც სრულად უზრუნველყოფილი იქნებოდა.

"მე –9 მუხლი ითვალისწინებს სანქციებს. თუ ორგანიზაციას არ უნდა დაირქვას უცხოური ძალის ინტერესის გამტარის სახელი, ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, მონიტორინგის მეშვეობით იძულებით დაარქვათ ეს სახელი, დაარეგსტრიროთ ასეთ ორგანიზაციად და თავის ნებით თუ არ დარეგისტრირდა დააკისროთ 25000 ლარის ოდენობის ჯარიმა. შემდეგ თუ 10 დღის განმავლობაში თვითაღიარებას არ მოახდენს და არ იტყვის ვარ უცხოური ინტერესების გამტარებელიო, კიდევ დააკისროთ 20 000 ლარი და ასე ყოველ თვეში და შუალედებში კიდევ 10 000–10 000–ის დაკისრება შეგიძლიათ. ანუ ფაქტობრივად, ეს სანქციები მიმართულია ორგანიზაციის პარალიზებაზე. რამდენიმე თვე შეიძლება, გაუძლოს ორგანიზაციამ და შემდეგ მოხდება მისი პარალიზება.

თუ თქვენი კანონის მიზანი მართლაც გამჭვირვალობა არის, რის დამტკიცებასაც ცდილობთ, მაგრამ ვერ ამტკიცებთ, რა საჭიროა ასეთი მკაცრი სანქციები? თუ ორგანიზაცია თვითონ არ ირეგისტრირებს თავს, თქვენ მონიტორინგის მეშვეობით შეგიძლიათ გამოავლინოთ, რომ მას აქვს ასეთი შემოსავალი , დაარეგისტრიროთ და ეს ინფორმაცია გახადოთ საჯარო. ანუ გამჭვირვალობა ამ სანქციების გარეშეც თქვენი მონიტორინგით სრულად უზრუნველყოფილი იქნებოდა და ამიტომ ეს სანქციები ზედმეტია. ამ სანქციებს აქვს ერთადერთი მიზანი , რომ მოხდეს ორგანიზაციის პარალიზება. შემოთავაზება მაქვს, რომ ეს მუხლი საერთოდ ამოიღეთ", – განაცხადა შავგულიძემ.

საპასუხოდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხვა ქვეყნების მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში ჯარიმების გარდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ აკნონის დამღვევებს.

"როგორ მოხდება პარალიზება იმის გამო, რომ ელემენტარული მიღებული ფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაცია წარადგინოს? [...] ჩვენ რატომ წარვადგენთ ხოლმე დეკლარაციებს? ანტიკორიფციულ ბიუროს რატომ აქვს დაჯარმების ფუნქცია? ანტიკორიფციულ ბიუროს თუ პარალმენტის დაჯარიმების უფლება აქვს, რას გვეუბნებით, რომ იუსტიციის სამინიტროს არ ჰქონდეს რეაგირების მექანიზმი თუ არა სასამართლო? [...] მინიმალური სტანდარტი მოეთხოვებათ რომ წარადგინონ დეკლარაცია", – დასძინა ოხანაშვილმა.

  • დღეს პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაპირისპირების ფონზე განახლდა.

სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პაპუაშვილი ოპოზციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ.

პაპუშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები – თაკო ჩარკვიანს, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და გიორგი ბოტკოველი სხდომიდან გააძევა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S