საქართველოს პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს გამოსცემს
30/12/2019 05:44:55 სამართალი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შობის დღესასწაულზე გამოსცემს პატიმართა შეწყალების აქტს. ამის შესახებ 29 დეკემბერს განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში. მანამდე საქართველოს პრეზიდენტები შეწყალების აქტს ტრადიციულად ახალი წლის წინ გამოსცემდნენ. მაგრამ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამჯერად „ამ პერიოდში ეს არ იგეგმება“ და „პატიმართა ნაწილის შეწყალება მხოლოდ შობის წინ მოხდება.“
ცნობისთვის: 2019 წლის 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტი არა მხოლოდ საზოგადოებრივი აღშფოთების, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძრვის საფუძველი გახდა, ოპოზიცია კი იმპიჩმენტზე ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, გაუგებარია, ვისი რეკომენდაციით (რადგან შეწყალების კომისია თავად გააუქმა) შეიწყალა ერთი ძებნილი (რომელსაც საპატიმროში ერთი დღეც არ გაუტარებია), ნარკორეალიზატორები, მათ შორის - ისეთიც, რომელმაც საპატიმროში მხოლოდ სამი თვე დაჰყო, და მკვლელები, მათ შორის - პოლიციელის. მიუხედავად არაერთგზის კითხვისა, პრეზიდენტმა არ გაამხილა, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა აქტის მიღებისას და სანაცვლოდ მისი ისედაც შეზღუდული უფლებამოსილების უკვე შეწყალების ნაწილში ფორმირების ინიციატივით გამოვიდა.
კერძოდ, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, ექსკლუზიურად შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი, თუმცა შეწყალების არსის გათვალისწინებით, ეს უნდა იყოს ჰუმანური აქტი და არა საზოგადოებაში შფოთის შემტანი ნაბიჯი, პრეზიდენტი კი საუბრობს კონკრეტული რეგულაციების განსაზრვრაზე. არადა, სწორედ ამისთვის, კონკრეტულად გაწერილი ნორმებით არსებობდა შეწყალების კომისია, რომელიც პრეზიდენტმა გააუქმა. ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და ის ამ დროისთვისაც მოქმედებს.


