ოპოზიცია: უმრავლესობა ცდილობს, "აგენტების კანონი" უცებ შემოაცუროს, მით უმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება
07/05/2024 08:16:48 პოლიტიკა
ოპოზიციაში ეხმიანებიან 10 მაისს – მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის ფაქტს და აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, "აგენტების კანონი" "უცებ შემოაცუროს, მით უმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება".
“ეს არის “ქართული ოცნების” მორიგი “ვირეშმაკობა”, როდესაც თავისივე პრემიერის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს, დილის 9 საათზე ნიშნავ კომიტეტს. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოიყვანოს პარლამენტის თანამშრომლები და დასვენება - დასვენება არ არის. ის საკითხები, რაც ჯერ–ჯერობით [დღის წესრიგშია] შეტანილი, გადაუდებელი არ არის, რომ მაინც და მაინც დასვენების კვირაში და პრემიერის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს ჩაინიშნოს. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური ეჭვია, რომ ეს არის იმისთვის გაკეთებული, რომ უცებ შემოაცურონ მესამე მოსმენაც, მითუმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. [...] ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ უცებ მიიღონ [კანონი], რადგან მათ არ სურთ პროტესტის მოსმენა რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგრამ ეს მათი “მოკლე ჭკუით” მიღებული გადაწყვეტილებაა, რადგან პროტესტი იქნება საღამოსაც, სესიის დროსაც, ვეტოს დაძლევის დროსაც და არამხოლოდ თბილისში, არამედ ყველა დიდ ქალაქში. ამიტომ ეს არის “ქართული ოცნების” “ვირეშმაკული” გადაწყვეტილება, რომელიც მათ სჩვევიათ”, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის ფაქტს საეჭვოდ მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდიაც.
"ოფიციალური დასვენების დღეს სხდომის ჩანიშვნა უცნაურია, მათ უნდა გამოიძახონ მათ შორის აპარატის თანამშრომლები სამსახურში და რა ფორმით მოხდება ეს და რატომ ასე სასწრაფოდ, ეს ნამდვილად უცნაურია. მით უფრო, რომ რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ დაემატოს საკითხი, მათ შორის რუსული კანონი მესამე მოსმენით. ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონს მოჰყვება ვეტო და შემდგომი ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის. ნამდვილად საეჭვოა, რადგან დასვენების დღეს კომიტეტის სხდომა არ ტარდება", - აცხადებს თეონა აქუბარდია.


