10 მაისს – მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა
07/05/2024 07:59:22 პოლიტიკა
პარასკევს, 10 მაისს მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა.
დღის წესრიგის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 მაისს 3 საკითხი უნდა განიხილოს, თუმცა მათ შორის არ არის "აგენტების კანონი".
პარასკევის კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის მოხვდა:
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის საკითხი;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი.
- საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი;
კომიტეტი მუშაობას დილით 09:00 საათზე დაიწყებს.
პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, 10 მაისს სხდომა იმიტომ ჩაინიშნა, რომ იურიდიულ კომიტეტს ბევრი საკითხი დაუგროვდა, რასაც კომიტეტი პარასკევს განიხილავს. "აგენტების კანონს" კომიტეტი სავარაუდოდ, ორშაბათს, 13 მაისს განიხილავს.
თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ "აგენტების კანონი" მესამე მოსმენით კომიტეტზე 10 მაისს განიხილოს, მას შეუძლია, საკითხი პარასკევის სხდომის დღის წესრიგში დაამატოს.


