ნეთანიაჰუ საბერძნეთში ვიზიტს წყვეტს და ისრაელში ბრუნდება
03/01/2020 09:25:30 მსოფლიო
ირანელი გენერალ–მაიორის ქასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ისრაელის პრემიერ–მინისტრი საბერძნეთში ვიზიტს დაგეგმილზე ადრე წყვეტს და ქვეყანაში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა 1900 კილომეტრის სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს. გაზსადენი ისრაელისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლებიდან საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან გაივლის, შემდეგ კონტინენტურ საბერძნეთში შევა და იტალიის გავლით ევროპას გაზს მიაწოდებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სახმედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.
ცნობისთვის: აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.


