ლავროვი – პომპეოს: „ნუ იყენებთ ძალისმიერ უკანონო მეთოდებს, პრობლემები გადაჭერით მოლაპარაკებათა მაგიდასთან“
03/01/2020 20:11:22 მსოფლიო
ირანელი გენერალ-მაიორის ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონი საუბარი გაიმართა.
როგორც ოფიციალური მოსკოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, ლავროვმა მოუწოდა პომპეოს, ვაშინგტონმა საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალისმიერი უკანონო მეთოდების გამოყენებაზე უარი თქვას და ნებისმიერი პრობლემა მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადაჭრას.
„სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო–ს წევრი ქვეყნის მიზანმიმართული ქმედება, გაანადგუროს ოფიციალური პირები ასევე გაერო–ს წევრი ქვეყნის, მით უმეტეს, მესამე სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ამ მესამე ქვეყნის ინფორმირების გარეშე, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა და დასაგმობი ქმედებაა. აშშ–ის ნაბიჯი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას მძიმე შედეგებს მოუტანს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითულა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აერპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მომხდარის გამო ირანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სახმედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.
ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.


