„აშშ მზადაა, ირანის წინააღმდეგ მიიღოს ის ზომა, რაც საჭირო იქნება“
03/01/2020 20:30:51 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებისთვის მზადაა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„წუხელ ჩემი ბრძანებით შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა უზადო ზუსტი დარტყმა წარმატებით განახორციელეს, რომელსაც მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ქასემ სულეიმანი ემსხვერპლა. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო დაზვერვის სამსახური გვაქვს. ჩვენ ყველა სამიზნე უკვე იდენტიფიცირებული გვყავს. თუ ამერიკელებს საფრთხე შეექმნებათ აშშ მზადაა, ირანის წინააღმდეგ მიიღოს ის ზომა, რაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ტრამპმა და პრესის ოთახი დამატებითი კომენტარის გარეშე დატოვა.
ცნობისთვის: აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითულა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აერპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მომხდარის გამო ირანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სახმედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.
ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.


