გაერო-ში ირანის ელჩი: “აუცილებლად ვიძიებთ შურს. დროს და ადგილს ირანი გადაწყვეტს“
04/01/2020 08:56:47 მსოფლიო
გაერო-ში ირანის ელჩის განცხადებით, გენერალ–მაიორ ქასემ სულეიმანის მკვლელობით აშშ–მა უკვე გამოუცხადა ომი ირანს.
„სამხედრო ქმედებაზე პასუხი არის სამხედრო ქმედება. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია დავიბრმავოთ თვალები იმაზე, რაც მოხდა. აუცილებლად ვიძიებთ შურს. იქნება მკაცრი პასუხი. დროს და ადგილს ირანი გადაწყვეტს“, – განაცხადა მაჯიდ ტახტ რავანჩმა CNN–თან საუბრისას.
ცნობისთვის: აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითულა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აერპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მომხდარის გამო ირანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სახმედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.
ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.
ამასთან, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის.


