ერაყში, ბელედის ავიაბაზაზე და აშშ-ის საელჩოსთან სარაკეტო იერიში განხორციელდა
04/01/2020 18:54:43 მსოფლიო
ერაყში, ბელედის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მისივე ცნობით, ავიაბაზაზე, რომელიც ბაღდადიდან 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, „კატიუშას“ ტიპის ორი რაკეტა აფეთქდა.
მანამდე, ბაღდადში ორი აფეთქება მოხდა. არაბული მედია წერს, რომ ორი რაკეტა ე.წ. მწვანე ზონაში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს ჩამოვარდა. შედეგად საავტომობილო გზა ბლოკირებულია.
ერაყის “ჰეზბოლაჰმა” მოუწოდა ერაყელებს, მინიმუმ, 1000 მეტრით მოშორდნენ სამხედრო ბაზებს, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, საპასუხოდ ამერიკელებმა დაბომბეს პროირანული ძალები სირია-ერაყის საზღვარზე.
ცნობისთვის: აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითულა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აერპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მომხდარის გამო ირანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სახმედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.
ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.
ამასთან, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის.


