პაპუაშვილი "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს პარლამენტის მიერ დაძლევას შემდეგ სასესიო კვირაში აანონსებს
20/05/2024 08:24:58 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს პარლამენტის მიერ დაძლევას შემდეგ სასესიო კვირაში აანონსებს.
ამასთან, მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მსგავსად, "აგენტების კანონის" არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში პასუხისმგებლობა პრეზიდენტს დააკისრა.
"ქალბატონმა სალომემ ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს ერთი რამ: ის თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ, კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი მას თავის ხალხად არ მიაჩნია. ქართველ ხალხს დასცინის, რომ ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ. ეს ხომ საერთოდ ქართველი ხალხის დაცინვაა. კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა. ტექნიკურად წარმოდგენილი არის ეს პროექტი. ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ უცხოელების ჭარბი ჩარევა ერთ რამეს გვაჩვენებს - ალბათ, ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია. რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ კანონის ქართულობას. იმდენი უცხოელი ჩაერია ამ საკითხში, თავად რომ არიან დონორები და აფინანსებენ, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ეს ზუსტად აჩვენებს იმას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "როგორც კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით შინაარსობრივი მსჯელობის იმედი გაჩნდა, იმავე მომენტში წინმსწრებით ჩაკეტა სალომე ზურაბიშვილმა“:
"ვეტო არის ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ ეს კანონში აისახოს, ვხედავდით ჩვენ ასევე მზაობას ზოგიერთი უცხოელი აქტორისგან, სალომე ზურაბიშვილმა ესეც ჩაკეტა. არ ვიცი ვინ, საიდან და რა დავალებებს იღებს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის იმედი და ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში წინმსწრებად ჩაკეტა სალომე ზურაბიშვილმა. შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვისი დავალებებით მოქმედებს ამ შემთხვევაში ადამიანი, რომლის ამოცანა უნდა იყოს პირიქით, მშვიდი მსჯელობის ხელშეწყობა და ა.შ. ეს არის წესით მისი ფუნქცია, მაგრამ ვხედავთ, რომ პირიქით არის".
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.


