Accentnews.ge
პრეზიდენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომელიც კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს

პრეზიდენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომელიც კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს

19/05/2024 13:40:33 პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს "აგენტების" შესახებ კანონპროექტი იმავე სახით დაუბრუნა. მან დოკუმენტს მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომელიც კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში განმარტავს, რომ "პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო".

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 78-ე მუხლებს".

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშესადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ხალხის ნებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე“, – ნათქვამია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S