ოპოზიცია – ვეტოზე: კანონის გაკეთილშობილება შეუძლებელია, კობახიძემ რაც არ უნდა სცადოს, პრეზიდენტს გადაუზიაროს პასუხისმგებლობა, ვერ მოახერხებს
20/05/2024 08:53:52 პოლიტიკა
ოპოზიციაში პრეზიდენტის ვეტოს ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ "აგენტების კანონის" გაკეთილშობილება შეუძლებელია".
“მოტივირებული შენიშვნა არის ძალიან კარგი, რომ ეს კანონი ამოქმედდეს ერთი დღით. პრეზიდენტმა რომ არ დატოვა სივრცე კანონის გაკეთილშობილებისთვის, რაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს “ქართული ოცნებისთვის” შეიძლება, იყოს პროპაგანდის გაჩაღების საფუძველი, მაგრამ ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადამიანები აღარ ექცევიან. იმიტომ რომ ამ კანონთან მიმართებით ყველამ ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. კობახიძემ რაც არ უნდა იკეკლუცოს ეთერების საშუალებით და ეცადოს პრეზიდენტს გადაუზიაროს პასუხისმგებლობა, ვერ მოახერხებს", – განაცხადა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ დაელოდა სალომე ზურაბიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას, დეპუტატმა შემდეგი აღნიშნა:
"ვენეციის კომისიის დასკვნა ახლა არის ირაკლი კობახიძისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი? ამ კანონის წინა ვერსიაზე სახალხო დამცველის გამოგზავნილი ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს, ვინმემ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნის პათოსი ან შინაარსი, რომ ეს კანონი რუსულია?".
საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტისგან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორია, რადგან „რუსული კანონი“ შელამაზებას არ ექვემდებარება".
"კანონის გაწვევა უნდა მოხდეს, რადგან არ გაიწვია ივანიშვილის პარტიამ და მიიღო 3 მოსმენით, პრეზიდენტს გააჩნდა ერთი ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ბლანკეტურად, ანუ სრულად დაედო ამ კანონისთვის ვეტო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო. ამიტომ ეს იძლევა კიდევ ერთ შანსს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ არ დაძლიოს ვეტო და ქვეყანას მისცეს საშუალება, რომ ასე თუ ისე ნორმალიზდეს პოლიტიკური პროცესები. ბუნებრივია, რომ ნორმალიზებაზე საუბარი, მას შემდეგ, რაც ამდენი ადამიანი ნაცემი და დაკავებულია, ძალიან რთულია, მაგრამ თუ რაიმე გონივრულის გაკეთება ახლა მაინც შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ არ გადალახოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო”,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
"ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაკეთილშობილებას, არანაირ შელამაზებას, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე, ეს არის მავნებლური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კანონი და ის უნდა იქნას მოხსნილი დღის წესრიგიდან":
"„ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი სწორი სვლა, გაიწვიონ ეს კანონი უკან. შესაძლებლობა პროცედურულად არსებობს პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მომენტში. ეს არის ერთადერთი სწორი სვლა, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ნათელია, რომ ხელისუფლება, რომელმაც ამ ტიპის კანონი მეორედ დაბრუნდა და გაწირა ქვეყანა ძალიან მძიმე პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, სოციალური შედეგებისთვის, რა თქმა უნდა აღარ უნდა ინარჩუნებდეს ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება საპარლამენტო არჩევნებზე 26 ოქტომბერს".
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.


