ოპოზიცია – აშშ–ის გზავნილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: შანსის ხელიდან გაშვება ღალატია
21/05/2024 08:17:04 პოლიტიკა
ოპოზიციაში ეხმიანებიან აშშ–ის გზავნილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და მიიჩნევენ, რომ შანსის ხელიდან გაშვება ღალატია.
"ამ შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ისტორიაში სხვა სახელით ჩაიწერებიან ამ უნიკალური შესაძლებლობების ხელიდან გაშვების შემთხვევაში, ყველა ძალიან ცდება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად და ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა იქნება თითოეული ადამიანის, ყველას დაერქმევა თავისი სახელი”,- განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან ისმის „გაფრთხილება“, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება არ გაიწვევს „აგენტების კანონს", მათ წინააღმდეგ იქნება პერსონალური პასუხისმგებლობა.
“ლელოს” წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აშშ–ის გზავნილი პირველ რიგში, არის ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და იქნება ყველა დემოკრატიული საზოგადოების მეგობარი და მხარდამჭერი.
"რაც შეეხება ხელისუფლებისთვის გზავნილს, ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი: ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს არჩევნების გზით. ისინი ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებენ მას შემდეგ, რაც გადადგეს მკაფიო ნაბიჯები ქართველი საზოგადოების ნების წინააღმდეგ, დაარღვიეს ქვეყნის კონსტიტუცია და მიიტანეს თავდასხმა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ პერსპექტივაზე. ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას ესაუბრება რეზინის ტყვიების, მუქარის და შანტაჟის ენით, მოკლებულია ლეგიტიმაციას“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.


