Accentnews.ge
კობახიძე: ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმზე ძალიან დაბალი წარმოდგენა გვაქვს

კობახიძე: ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმზე ძალიან დაბალი წარმოდგენა გვაქვს

28/05/2024 17:01:23 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკვე წლებია, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას საკუთარი ინიციატივით, ვენეციის კომისიაში კანონპროექტი არ გაუგზავნია და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენი ინიციატივით ვენეციის კომისიაში კანონპროექტი მრავალი წელია არ გაგვიგზავნია. ჩვენ ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, არც ერთხელ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია. მომავალშიც არ ვაპირებთ. თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, როგორც წინა წლების განმავლობაში, თუმცა ჩვენი ინიციატივით ინტერესი არ გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებაში არიან იურისტები, სამართლის დოქტორები, პროფესორები, რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ვენეციის კომისიაში წარმოდგენილ ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი ექსპერტიზის ინტერესი, როგორც ასეთი, არ არსებობს, მითუმეტეს, რომ კონკრეტული ექსპერტების კვალიფიკაციაც კი, რომლებიც არიან ჩართულნი დასკვნების მომზადებაში, არის საკმაოდ საეჭვო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი ინიციატივით არ ვაგზავნით ხოლმე კანონპროექტებს. ვენეციის კომისიაში თუ იქნება ხოლმე მოთხოვნა შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, მაგრამ ჩვენი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არის ძალიან დაბალი", – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე, ვენეციის კომისიამ "ოცნებას" "აგენტების კანონის" პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდა. საპაუსხოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ "ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი".

ცნობისთვის: დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და "აგენტების კანონი" საბოლოოდ მიიღო.

პარლამენტში "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს პროტესტის ფონზე განიხილეს. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

"ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S