სარჯველაძე ბაიდენისა და მაკრონის განცხადებაზე: ასეთი მოწოდება არარელევანტურია
10/06/2024 08:21:53 პოლიტიკა
აშშ–ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მოწოდებებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე "არარელევანტურად" მიიჩნევს.
„თუ განცხადება საკუთრივ მცდარია და არასწორ საფუძვლებს ეყრდნობა, მისი ავტორი როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს, ამ მცდარ არგუმენტებსა და მოწოდებებს მართებულად ვერ გადააქცევს.
შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვინც საქართველოში არსებული მდგომარეობა რეალურად იცის და საკუთარ დამოკიდებულებებს მხოლოდ ემოციებით არ საზღვრავს, ამ შემთხვევაში, ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ასეთი მოწოდება უბრალოდ არარელევანტურია”, – განაცხადა სარჯველაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას საქართველოს ხალხის ევროანტლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცენ საზოგადოების სურვილს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.


