განათლების მინისტრი: [ევროპიდან სანქციებს] არ ველოდები, ამის არანაირი საფუძვლები არ არის
17/06/2024 09:33:43 პოლიტიკა
[ევროპიდან სანქციებს] არ ველოდები. დანარჩენი, უკვე ვნახოთ, გამოჩნდება, - ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა შეკითხვას, აშშ-ს სანქციების შემდგომ, სანქციების დაწესებას ევროკავშირიდანაც ხომ არ ელოდება.
მისი თქმით, სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არის.
„არც მე არ ველოდები [ევროპულ სანქციებს]. იმიტომ, არ ველოდები, რომ ამის არანაირი საფუძვლები არ არის და მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს ჩვენ პარტნიორებთან. მკითხეთ, გითხარით, არ ველოდები. დანარჩენი, უკვე ვნახოთ, გამოჩნდება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროპული კომისია "აგენტების კანონის" საბოლოოდ მიღებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ "განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის".
ამავე თემაზე: “რადიო თავისუფლება" განმარატვს, რა ზომებს განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ.


