პრემიერი – ჩინეთში სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე: "ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება"
28/06/2024 12:16:40 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთში სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე დიდი დაინტერესებაა, რასაც ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს. ამის შესახებ მან პარლამენტში წლიური მოხსენების წარადგინისას ისაუბრა.
"რაც შეეხება ჩინეთს და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს, ყოველწლიურად მიემგზავრებიან ქართველი სტუდენტები ჩინეთში განათლების მისაღებად. არის სახელმწიფო პროგრამები. მათი განხორციელება თანადაფინანსებით ხდება. ამ პროგრამებს ფარგლებში ყოველწლიურად 20 ახალგაზრდა მიემგზავრება ჩინეთში. ასევე არის ინსტიტუტი, რომელიც 20 სტუდენტს აფინანსებს ყოველწლიურად. ეს ხდება ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, საერთო ჯამში, 200–ზე მეტი სტუდენტია, რომელიც ჩინეთში გაემგზავრა. ჩვენთვის პრიორიტეტულია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ინტერესი არის საკმაოდ დიდი და ამ ყველაფერს ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ", – განაცხადა პრემიერმა.
მანამდე, კობახიძეს შესაბამისი კითხვით „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ მიმართა.
"ხომ არის სტუდენტების გაცვლის პროგრამები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან? იმიტომ, რომ თუ ჩვენი სტუდენტი წავიდა ჩინეთში ერთი და მეორე წავიდა ევროპაში, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე დარჩეს იქ, ჩინეთთან მიმართებაში გაცილებით ნაკლებია. თუ წავა და ისწავლა, ის აუცილებლად მეტად დაბრუნდება საქართველოში, აი ეს საკითხი რამდენადაა აქტივიზირებული და მუშაობს ხელისუფლება?", – მიმართა დეპუტატმა პრემიერს.
ამავე თემაზე: ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს.
მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები.


