ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს

13-06-2024 15:31:02 ანალიზი

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ჩიხში აქცევს ქვეყნის დასავლელ მოკავშირეებთან წლობით განმტკიცებულ ურთიერთობებს, აკნინებს მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას, მათ შორის სუვერენიტეტის მიმართულებით და სანაცვლოდ სახელისუფლებო პროპაგანდა მთავარ „სტრატეგიულ პარტნიორად“ ჩინეთს გვთავაზობს, ეს უკანასკნელი არც თუ მეგობრულ ქცევაშია შემჩნეული, რაც პროცესზე დამკვირვებელთა შეფასებით, სწორედ რომ გასულ წელს გამოცხადებული „სტარტეგიული პარტნიორობისადმი“ ჩინეთის დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

რა ხდება?

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა შესახებ გაეროში რეზოლუციას კვლავ არ დაუჭირა მხარი, რამდენიმე აქტივობის შესახებ გახდა ცნობილი:

იხილეთ ასევე – "გაკვეთილი მეზობლებისთვისაც": რას ამბობს სტრატეგიული პარტნიორის "დუმილი"

  • #1რამდენიმე დღის წინ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიარესურსთან ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ– მინისტრმა კონსტანტინე ჯუსოევმა ისაუბრა ჩინეთიდან ორი დელეგაციის ვიზიტისა და ბიზნესგეგმების შესახებ.

"ნამდვილად, მაისში ჩვენთან ჩამოვიდა ორი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. ერთი დელეგაცია დაინტერესებული იყო კვაისის ტყვია-თუთიის საბადოთი, მეორე ჩამოვიდა შემოთავაზებით, რომ ჩვენთან, სამხრეთ ოსეთში გაეხსნათ ქარხანა ჩინური ავტომობილების ასაწყობად." - თქვა ჯუსოევმა და დასძინა, რომ მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს ამ წლის ოქტომბერში გეგმავს და მოლაპარაკებები უფრო დეტალურად გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ადგენს ცხინვალისა და აფხაზეთის განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს, მათ შორის კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობას ამ ტერიტორიებზე სპეციალური ნებართვის გარეშე, ასევე შესვლას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან.

თავდაცვის ექს-მინისტრი, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი გვახსენებს ჩინეთში არსებულ მმართველობის ფორმას და ამ კონტექსტში განიხილავს ვითარების სიმძიმეს.

„ჩინეთი არის ავტორიტარული სახელმწიფო: ჩინეთის კომუნისტური პარტია ფუნქციონალურად ზუსტად ისეთივე პარტიაა და ისეთივე მმართველობა აქვს, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში. ეს კი ჩვენთვის საინტერესო შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ჩინეთში არ არსებობენ კერძო კომპანიები იმ გაგებით, როგორც ვისწავლეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობაში. იმედია, ეს არასდროს მოხდება, მაგრამ შედარებისთვის: საფრანგეთის, გერმანიის ან იგივე აშშ–ის რომელიმე კომპანიამ რომ გადაწყვიტოს ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში რაიმე ბიზნეს-აქტივობა, ამ ქვეყნების პრეზიდენტებს შეუძლიათ, გააკეთონ განცხადება წუხილით, პოლიტიკური მხარდაჭერა კვლავაც გამოხატონ საქართველოს მიმართ და დაგმონ მათ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიის მსგავსი საქციელი, მაგრამ გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ კერძო კომპანიაზე და თუ ვიღაცას სადღაც რაღაც კერძო ინიციატივა გაუჩნდა, სახელმწიფო მას ვერაფერს უზამს. ჩინეთის შემთხვევაში კი მსგავსი რამ შეუძლებელია – ჩინეთის სინამდვილეში ყველა კომპანია სახელმწიფოა, წილების უდიდესი ნაწილი ეკუთვნის სახელმწიფოს. მაგალითად, კომპანიაში, რომელსაც ახლა ანაკლიის პორტის პროექტი ბარდება, 82%-იანი წილი ეკუთვნის სახელმწიფოს. ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში არსებობს სპეციალური დანაყოფი, რომლის საქმიანობაც იმაში მდგომარეობს, რომ დანიშნოს/გაათავისუფლოს სახელმწიფო კომპანიების დირექტორები, აღმასრულებელი საბჭოები, მოისმინოს მათგან ანგარიშები, მოისმინოს დაგეგმილი პროექტების შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელ ქვეყანაში უნდა წავიდნენ და რომელში არა. კომუნისტური პარტიის ამ დანაყოფის ქვეშ არის აბსოლუტურად ყველა მეტ–ნაკლებად ანგარიშგასაწევი, მეტ–ნაკლებად დიდი და საშუალო ზომის კომპანია. ამიტომ როდესაც საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა ჩინეთის ბიზნესმენების დელეგაცია, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამორიცხულია, აბსოლუტურად შეუძლებელია, ეს კომპანია იყოს რაიმე სხვა, გარდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანიისა, რომელიც ოპერირებს ჩინეთის სახელმწიფოს სახელით“,– განმარტავს ხიდაშელი და დასძენს, რომ „ამიტომ არის ეს სახიფათო და ტრაგიკული!“.

იხილეთ ასევე: ომი კულისებში – ვისი დახმარებით მოუგო თბილისმა არაღიარებისთვის ბრძოლა მოსკოვს და არის რისკის ქვეშ ეს შედეგი?

  • #2 11 ივნისს აფხაზური მედიით შევიტყვეთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს სტრატეგიულ პარტიორ ჩინეთში "საპატიო კონსული" ჰყოლია. მედია წერდა, რომ გე ჩჟილი სოხუმში დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრ ანრი ბარციცს შეხვდა, განხილვის მთავარ თემას კი წარმოადგენდა "აფხაზურ-ჩინური ბიზნეს-ურთიერთქმედების ასპექტები, რომლებიც იურიდიულ პირთა ჩართულობას უკავშირდება".

"აფხაზეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო, მზადაა, აუცილებელი საკონსულტაციო მხარდაჭერა გაუწიოს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ იურიდიულ პირებს საერთშორისო კონტაქტების განმტკიცების მიზნით" - განაცხადა დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შანდუნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნიკური დირექტორი ვიქტორ კრაპივინი და დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ოლეგ არშბა,– წერდა აფხაზური მედია.

იხილეთ ასევე: მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები

რას გვპასუხობს ჩინეთი?

ცოტა ხნის ოკუპირებულ ცხინვალში მორიგი ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა, რომელიც საქართველოს დასავლელმა პარტნიორმა ქვეყნებმა დაგმეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩინეთს - საქართველოს ახალ "სტრატეგიულ პარტნიორს", ეს არ გაუკეთებია.

ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, „აქცენტი" საქართველოში ჩინეთის საელჩოს დაუკავშირდა რამდენიმე კითხვით:

  • რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა. რა პოზიცია აქვს ჩინეთს აღნიშნულთან დაკავშირებით?
  • აფხაზური "იუსტიციის სამინისტროს" ინფორმაციით, "მინისტრი" "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს" შეხვდა და "განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა "აფხაზურ-ჩინური ბიზნეს-ურთიერთქმედების ასპექტები". რა ინფორმაციას ფლობთ "ჩინეთში აფხაზეთის საპატიო საკონსულოს" შესახებ? რამდენად კანონიერად მიგაჩნიათ მისი არსებობა და რამდენად შეესაბამება ეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას?
  • როგორია ჩინეთის პოზიცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩინური კომპანიის მიერ ბიზნესების წარმოების განზრახვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი?

ჩინეთის საელჩო მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა:

"როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ჩინეთი ყოველთვის იცავდა ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს, როგორც ეს გათვალისწინებულია გაერო–ს წესდებაში და არასოდეს გამოუყენებია ორმაგი სტანდარტები ამ ფუნდამენტური პრინციპის მიმართ. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არასოდეს უღიარებია არც ერთი ე.წ. „ქვეყანა/სახელმწიფო“, რომელიც არ არის აღიარებული გაერო–ს მიერ".

იხილეთ ასევე: რას გვთავაზობს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა კიდევ ერთი ფაქტი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დელეგაციები "სახელმწიფო დელეგაციების" სტატუსით მონაწილეობენ BRICS-ის თამაშებში, რომელთა ერთ-ერთ თანაორგანიზატორად ჩინეთსაც ასახელებენ, თუმცა საქართველოში ჩინეთის საელჩომ "აქცენტთან" საუბრისას თანაორგანიზების ფაქტი უარყო. ღონისძიების გახსნისას, "დროშების აღლუმზე" აფხაზურსა და ოსურთან ერთად საქართველოს დროშაც ფიგურირებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო–ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ დონემდე ამაღლების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თანამშრომლობის ოთხ ძირითად მიმართულებას აყალიბებს, არსად ფიგურირებს ჩინური მხარის ვალდებულება, უერთგულოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. ამრიგად, ამ ურთიერთობებისადმი სკეპტიკურად განწყობილები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მათ შორის, ეს გარემოებებიც გაითვალისწინონ, როდესაც ერთი სტრატეგიული პარტნიორის მეორეთი ჩანაცვლებაზეა საუბარი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები