გია ჯაფარიძე: ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს!
08/07/2024 17:05:09 პოლიტიკა
საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაჯვარედინზე,– ამგვარად განმარტავს პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე საბუთარი გადაწყვეტილების საფუძველს ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც ახალი პოლიტიკური პლატფორის, „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წევრად წარადგინეს. პლატფორმას ასევე შეუერთდნენ დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
"მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში ან დაიჭირეს და იხდის სასჯელს, ან ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი გახდა. მინდა, ამ ადამიანებს გამოვუცხადო სოლიდარობა. ალბათ, ყველას დაგებადებათ კითხვა, რატომ გადავწყვიტე ახლა, 50 წლის ასაკში შევაბიჯო პოლიტიკაში, მე მქონდა 10 წლიანი დიპლომატიური კარიერა, მაქვს ძალიან კარგი 10 წლიანი კარიერა აკადემიაში, არაფერი მირჩევნია ჩემს სტუდენტებთან ურთიერთობას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ გამოვიდე ამ კომფორტის ზონიდან და ჩავერთო იმ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაშიც არიან ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, რომელშიც ხართ თქვენც! რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ მგონია, რომ საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაჯვარედინზე! დღეს ჩვენ ან გადავრჩებით ან დავკარგავთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს!",– თქვა ჯაფარიძემ და განაგრძო, "როდესაც ჩემ ქვეყანას უდგას ასეთი არჩევანი, რთული იყო, დავრჩენილიყავი სახლში. გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, შეიძლება გამოადგეს ჩემ ქვეყანას, გადავწყვიტე რომ გადავდგა ეს ნაბიჯი და ამ ნაბიჯის გადადგმისას ვფიქრობდი რომ მექნებოდა თქვენი მხარდაჭერაც, მექნებოდა ჩემი მეგობრების მხარდაჭერაც, მექნება ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა, გადავწყვიტე გადავდგა ეს ნაბიჯი იმიტომ, რომ მგონია, რომ დღეს ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას".
მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა ერთიანობის დროა:
"მინდა, მოვუწოდო ყველას – სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს – ახლა არის დრო ერთიანობის, ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ გადაგვარჩენს ერთიანობა, ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, ჩვენ გვაქვს რწმენა გამარჯვების, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ის რაც ჩვენ გვჭირდება არის ერთიანობა, ჩვენ გვჭირდება ორგანიზებულობა, იმიტომ რომ ორგანიზებულობა იგებს არჩევნებს".
მისი თქმით, "ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები – ეს არჩევნები წყვეტს საქართველო საერთოდ დარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა, თუ არ დარჩება":
"ასეთი ისტორიულო მომენტის დროს ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის. თქვა პოლიტოლოგმა გია ჯაფარიძემ ენმ-ს ყრილობაზე, სადაც ის მათ პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდა".


