"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის": ვინ უერთდება ახალ პოლიტიკურ პლატფორმას

08-07-2024 20:47:56 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წარადგინეს.

პლატფორმას უერთდებიან დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და დიპლომატი გია ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტები – ლაშა დიაროვი და ანა მოსაძე.

წევრები ასევე იქნებიან გიორგი ვაშაძე, ზაზა ბიბილაშვილი, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი.

„ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი იქნება 5 .

ენმ–ის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა "რეფერენდუმად აქცია" – "რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის" და რომ დაყოფის დრო არაა.

"26 ოქტომბრის არჩევნების წინ ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ვეძებოთ ის თუ რა გვაერთიანებს. ახლა არ არის დანაწევრების დრო. არ არის დაპირისპირების დრო. არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის - გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია", - თქვა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ერთობები შექმნას.

ის მათ გაერთიანებაში ეპატიჟება სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.

როგორც კორძაია აღნიშნავს, უნდა შეიქმნას იმგვარი განწყობა, რომ არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს.

"წელიწადზე მეტია, ვხედავთ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას, რომ ოპოზიციამ იაროს შეთანხმებით, კომპრომისით, რათა ოქტომბერში "ქართული ოცნება" დამარცხდეს. ჩვენ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით. მე დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მირებენ მსგავს, ერთიანობის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ ჩვენ საერთო თანხმობით, კოალიციურად დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას" . ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება ამით არის ნაკარნახევი", - თქვა კორძაიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა თქვა, რომ ქვეყანა "დანაშაულებრივი რეჟიმის" მიერ "უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია":

"მე მჯერა, რომ ეს ერთობა დიდი ქართული სახალხო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა, რომელიც აქ და ახლა იბადება, შეძლებს, საბოლოოდ დაუსვას წერტილი ათწლეულების უკუღმართობას, ყველა წინა გაუგებრობა, შეცდომა სწორად გააზრებული იყოს, რომ ვიაროთ სწორი გზით, პატრიოტული სულისკვეთებით და რომ საქართველო იყოს ფეხზე დამდგარი, ევროპული, გამართული სახელმწიფო. მე მჯერა, ჩვენი თავდადებით ეს დღე მალე დადგება. ოქტომბრის შემდეგ ვიწყებთ ახლის შენებას და ეს ახალი გავითვალისწინოთ, რომ იქნება სწორი და სამართლიანი, ეს იქნება ყველას მთავრობა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები