GRECO-ს ანგარიში: "უნდა გადაიხედოს ანტიკორუფციული ბიუროს სამართლებრივი ჩარჩო, გაიზარდოს მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა"
09/07/2024 10:54:11 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების მორიგი ანგარიში გამოქვეყნდა.
GRECO-ს შეფასების მეხუთე რაუნდში აღნიშნულია, რომ " უნდა გადაიხედოს ანტიკორუფციული ბიუროს სამართლებრივი ჩარჩო, გაიზარდოს მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა და ეფექტური საქმიანობისთვის აღიჭურვოს სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსებით".
დოკუმენტის თანახმად, "არ არსებობს კონკრეტული სტრატეგია PTEF-ებთან (პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მრჩევლები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილეები და მთავრობის საპარლამენტო მდივანი) მიმართებით კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად"
- ანგარიშის ძირითადი მიგნებები
"ანგარიშში შეფასებულია საქართველოში არსებული კორუფციის პრევენციის სისტემის ეფექტურობა უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებთან მიმართებით (პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მრჩევლები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილეები და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შემდგომში - PTEF-ები) და სამართალდამცველ ორგანოებში (შემდგომში - LEA-ები). მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცებას GRECO-ს სტანდარტების შესაბამისად.
კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის კომისიის მიერ დადგენილი თორმეტი პრიორიტეტის შესრულების მიზნით, საქართველომ 2022 წლის 30 ნოემბერს ცვლილებები შეიტანა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში და შექმნა ანტიკორუფციული ბიურო. თუმცა, ახლადშექმნილ სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული საფრთხეები და გამოითქვა შეშფოთება ახალი ორგანოს დამოუკიდებლობის შესახებ. ამრიგად, უნდა გადაიხედოს ანტიკორუფციული ბიუროს სამართლებრივი ჩარჩო, გაიზარდოს მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა და ეფექტური საქმიანობისთვის აღიჭურვოს სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსებით.
ამჟამად, არ არსებობს კონკრეტული სტრატეგია PTEF-ებთან მიმართებით კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. წარსულში რეგულარულად მტკიცდებოდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიები და მათი სამოქმედო გეგმები, მაგრამ 2020 წლიდან არ შემუშავებულა ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ეთიკისა და ქცევის კოდექსი ვრცელდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე, არ არსებობს ქცევის ზოგადი კოდექსი, რომელიც შეეხებოდა პრემიერ-მინისტრს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს ან კონკრეტულად PTEF-ებს. ლობირების მარეგულირებელი ნორმები არსებობს, თუმცა არ ხდება მათი აღსრულება. დანერგილია ქონებისა და ფინანსური ინტერესების დეკლარირების საკმაოდ ყოვლისმომცველი სისტემა და ეს დეკლარაციები ქვეყნდება საჯაროდ. თუმცა, ბოლო წლებში მონიტორინგისთვის დეკლარაციების შერჩევის პროცესში არ გამოიყენება რისკზე დაფუძნებული მიდგომა და ამ პროცესს ჯერ კიდევ არ მოჰყოლია სისხლისსამართლებრივი სანქციების დაწესება. 2023 წლის სექტემბრიდან ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შეგროვებისა და მონიტორინგის ფუნქციის შესრულება.
ანტიკორუფციული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ყველა PTEF-ს, მიღებულ უნდა იქნეს რისკის წინასწარი შეფასების საფუძველზე და უნდა გასაჯაროვდეს. ინტერესთა კონფლიქტის რისკის პრევენციისათვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა შემოწმდეს კეთილსინდისიერება, როგორც დანიშვნის პროცედურის ნაწილი. გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლის გათვალისწინებით, ხელისუფლებაში ყველა მრჩევლის სახელი, გვარი და ფუნქცია უნდა გახდეს საჯარო და ადვილად ხელმისაწვდომი. უფრო ზოგადად, PTEF-ების ქცევის კოდექსში უნდა დადგინდეს მკაფიო ინსტრუქციები ინტერესთა კონფლიქტსა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები. ამ სტანდარტებთან დაკავშირებით PTEF-ებისთვის უნდა ჩატარდეს სისტემატური და რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები. ასევე უნდა დაინერგოს PTEF-ების ლობისტებთან და სხვა მესამე პირებთან კომუნიკაციის წესები, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.
უფრო მეტიც, უნდა ჩამოყალიბდეს უფრო მკაცრი წესები საჩუქრებთან და სხვა სარგებელთან დაკავშირებით, საჩუქრების მიღების მკაფიო ზღვრის დაწესებით, რომელიც გამოხატული იქნება ფულადი ღირებულებით და გავრცელდება ყველა PTEF-ზე. დასაქმების შემდგომი შეზღუდვის წესები უნდა გავრცელდეს ყველა PTEF-ზე, ხოლო ამ წესებისათვის უნდა შეიქმნას ანგარიშგების, მონიტორინგისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმები. უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში PTEF-ების როლის გათვალისწინებით, მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ შინაარსობრივ შემოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომით, ხოლო წესების დარღვევის შემთხვევაში, უნდა დაწესდეს ეფექტური, პროპორციული და შემაკავებელი სანქციები. საბოლოოდ, საქართველოში არსებობს კორუფციული დანაშაულების გამოძიების კომპლექსური სისტემა. ეს იწვევს მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი დევნისას არასაკმარის ეფექტურობას. პრაქტიკაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილი PTEF-ების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებისა და დევნის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.
რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ბოლო წლებში გამჭვირვალობამ მკვეთრად იკლო და დაფიქსირდა ინფორმაციის თავისუფლების უფლების ხშირი დარღვევა. ასევე, აშკარაა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საჯარო დოკუმენტების პროაქტიული გამოქვეყნების სიმცირე. საჭიროა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე პროაქტიული გამჭვირვალობის გასაძლიერებლად. ამ სფეროში სათანადო უფლებამოსილებებითა და რესურსებით აღჭურვილმა დამოუკიდებელმა ზედამხედველობის მექანიზმმა უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება.
რაც შეეხება სამართალდამცველებს, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საპატრულო პოლიციაზე, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციაზე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებზე, რომლებიც ასრულებენ ძირითად სამართალდამცავ ფუნქციებს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. კორუფციის პრევენციის მიმართულებით გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რისკის მართვის ახალი მექანიზმების შექმნის პროცესშია, რომელიც ასევე გავრცელდება სამართალდამცველ უწყებებზე, ამჟამად არ არსებობს არც სპეციალური მოქმედი ანტიკორუფციული სტრატეგია პოლიციისთვის და არც კორუფციული რისკების ყოვლისმომცველი სურათი. ამასთან, არ შეფასებულა რისკები კონკრეტულ სამართალდამცველ ორგანოებში.
ასევე საჭიროა დამატებითი ზომები ბიოგრაფიული მონაცემების/თანამდებობასთან შესაბამისობის რეგულარულად შესამოწმებლად პოლიციელის მთელი კარიერის განმავლობაში, უფრო ხშირად კი მათ შესამოწმებლად, ვისაც საკუთარი მოვალეობების შესრულებისას აქვს წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე. ასევე აუცილებელია პოლიციელებისათვის კეთილსინდისიერების სავალდებულო ტრენინგის უზრუნველყოფა მთელი კარიერის განმავლობაში, ხოლო პოლიციის ეთიკის კოდექსი უნდა განახლდეს და შეივსოს პოლიციელების ყოველდღიურ პრაქტიკაში ქცევის შესახებ შესაბამისი რაოდენობის რეკომენდაციებით. ამჟამად არ არსებობს პროცედურა, რომელიც პოლიციელებს საშუალებას მისცემს, კონფიდენციალურად მიიღონ რჩევა ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე, რაც საჭიროებს გამოსწორებას. პოლიციის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების სისტემისათვის სასარგებლო იქნებოდა მკაფიო სახელმძღვანელო მითითებები, პროტოკოლები ან/და ცნობარები მის მუშაობასა და კოორდინირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, პოლიციაში აუცილებლად მისაღებია და პრაქტიკაში გასატარებელია ზომები მამხილებელთა დასაცავად, შესამუშავებელია სპეციალური გარე ინფორმირების არხები, ასევე პოლიციის ყველა დონეზე ჩასატარებელია მიზნობრივი და ცნობიერების ამაღლების ტრენინგები", – ნათქვამია დოკუმენტში.
- GRECO–ს რეკომენდაციები
GRECO მიმართავს საქართველოს შემდეგი რეკომენდაციებით:
i. დადგინდეს წესები, რომლებიც მოითხოვს კეთილსინდისიერების შემოწმებას მინისტრებისა და მინისტრების მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნამდე, რათა გამოვლინდეს და იმართოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის რისკები მთავრობაში მოსვლამდე;
ii. პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მრჩევლებმა, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გაიარონ კეთილსინდისიერების შემოწმება, როგორც მათი დასაქმების შემადგენელი ნაწილი ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის გამოვლენისა და მათი მართვის მიზნით; და (ii) მთავრობის ყველა მრჩევლის სახელები, გვარები და ფუნქციები გასაჯაროვდეს და იყოს ადვილად ხელმისაწვდომი ინტერნეტში;
iii. (i)ანტიკორუფციული პოლიტიკა მიღებულ იქნას რისკების წინასწარი შეფასების საფუძველზე, რომელმაც უნდა მოიცვას უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ყველა პირი და იყოს საჯარო; (ii) ანტიკორუფციულმა ბიურომ რეგულარულად უნდა აცნობოს საზოგადოებას ასეთი ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების შესახებ, მათ შორის შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენის, პოლიტიკის შემდგომი გადახედვის ან თავიდან მიღების ჩათვლით;
iv. (i) მიღებულ და გამოქვეყნებულ იქნას უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებისათვის ქცევის კოდექსი, რომელიც შევსებული იქნება მკაფიო მითითებებით ინტერესთა კონფლიქტსა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე (როგორიცაა საჩუქრები, კავშირი მესამე პირებთან, სამსახურსმიღმა საქმიანობა, ხელშეკრულებები სამთავრობო უწყებებთან, კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მოპყრობა და დასაქმებისშემდგომი შეზღუდვები); და (ii) ასეთ კოდექსს დაემატოს ზედამხედველობისა და სანქციების სანდო და ეფექტური მექანიზმი;
v. (i) გადაიხედოს ანტიკორუფციული ბიუროს სამართლებრივი ჩარჩო უფრო მეტი ოპერატიული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; და (ii) ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსებით, რათა ეფექტურად შეასრულოს თავისი ამოცანები, განსაკუთრებით უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებთან მიმართებით;
vi. (i) შემუშავდეს მექანიზმები, რათა ხელი შეეწყოს და ამაღლდეს ცნობიერება კეთილსინდისიერების საკითხებზე უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებს შორის, მათ შორის კეთილსინდისიერების შესახებ სასწავლო ტრენინგის რეგულარულად ჩატარების გზით; და (ii) შემუშავდეს ცენტრალიზებული კონფიდენციალური საკონსულტაციო მექანიზმი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ პირებისთვის რჩევები კეთილსინდისიერების ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციის საკითხებზე;
vii.(i) გატარდეს დამატებითი ზომები ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე პროაქტიული გამჭვირვალობის გასაძლიერებლად; და (ii) უზრუნველყოფილ იქნეს, რომ შესაბამისი უფლებამოსილებითა და რესურსებით აღჭურვილი დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმი იყოს გარანტი ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელებისა;
viii. დადგინდეს წესები, თუ როგორ ურთიერთობენ უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირები ლობისტებთან და სხვა მესამე მხარეებთან, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ მთავრობის სამართალშემოქმედებით და სხვა საქმიანობაზე; და (ii) გამჟღავნდეს საკმარისი ინფორმაცია ამ კონტაქტების მიზნის შესახებ, როგორიცაა იმ პირ(ებ)ის ვინაობა, ვისთანაც (ან ვისი სახელით) გაიმართა შეხვედრა(ებ)ი, ასევე კონკრეტული განსახილველი საკითხ(ებ)ი;
ix. (i) შემუშავდეს ინტერესთა კონფლიქტების მოგვარების მკაფიო წესები და დარღვევის შემთხვევაში გატარდეს ეფექტური, თანაზომიერი და შემაკავებელი სანქციები; და (ii) სათანადოდ აღირიცხოს და გასაჯაროვდეს ინტერესთა კონფლიქტის სიტუაციები და მათ მოსაგვარებლად მიღებული ზომები;
x. დაწესდეს უფრო მკაცრი წესები საჩუქრებთან და სხვა შეღავათებთან დაკავშირებით უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებისთვის (i) საჩუქრების მიღების, დეკლარირებისა და აღრიცხვის ზღვრების შემცირებით და აღნიშნული ზღვრების ფიქსირებული ფულადი ოდენობის განსაზღვრით; და (ii) უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებისთვის საჩუქრების რეესტრის ხელმისაწვდომობა;
xi. განმტკიცდეს დასაქმების შემდგომი შეზღუდვები, კერძოდ, (i) უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირთათვის წესების ფარგლების გაფართოებითს გზით და გარკვევით აეკრძალოთ მათ მთავრობის მიმართ ლობისტური საქმიანობა გათავისუფლების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში; და (ii) შეიქმნას ამ წესებთან შესაბამისობის ანგარიშგების, მონიტორინგისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმი.
xii.(i) გაფართოვდეს და გავრცელდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემა უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ყველა პირზე, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ყველა მრჩევლის ჩათვლით; (ii) დაზუსტდეს ოჯახის წევრების განმარტება, რომელთა ფინანსური ინფორმაცია უნდა იყოს შეტანილი ასეთ დეკლარაციაში; და (iii) მაღალი აღმასრულებელი თანამდებობის პირების მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში გაფართოვდეს საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსი, მათ შორის საანგარიშო პერიოდში დანიშვნამდე და უფლებამოსილების დასრულების შემდგომ მიღებული ანაზღაურებადი სამუშაოს შესახებ;
xiii. უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირების მიერ წარდგენილი დეკლარაციები დაექვემდებაროს რეგულარულ შინაარსობრივ შემოწმებას, მათ შორის რისკზე დაფუძნებული მიდგომის ჩათვლით და გამოყენებულ იქნას ეფექტური, თანაზომიერი და შემაკავებელი სანქციები წესების დარღვევის შემთხვევაში;
xiv. კორუფციულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირთა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკაში უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, რათა გარანტირებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნის კეთილსინდისიერება;
სამართალდამცველ უწყებებთან დაკავშირებით
xv. მისაღებია შემდგომი ზომები საპატრულო პოლიციაში, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით ყველა დონეზე, განსაკუთრებით მენეჯერულ დონეზე;
xvi. გადაიხედოს პოლიციაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოქმედი სისტემა, რათა ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საგამოძიებო პროცესებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე;
xvii. (i) შემუშავდეს რისკების შეფასებაზე დაფუძნებული ოპერატიული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელსაც თან უნდა ახლდეს სამართალდამცველი ორგანოების სამოქმედო გეგმა(ები) და (ii) გააუმჯობესდეს და გაგრძელდეს რეგულარული ტრენინგები რისკის მართვის საკითხებზე საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის;
xviii. (i) განახლდეს პოლიციის ეთიკის კოდექსი, რათა დეტალურად მოხდეს კეთილსინდისიერების ყველა შესაბამისი საკითხის (როგორიცაა ინტერესთა კონფლიქტი, საჩუქრები, საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება) დაფარვა და (ii) მის შევსებას სახელმძღვანელოთი ან ცნობარით, რომელიც ასახავს ყველა საკითხს და რისკის სფეროებს შესაბამისი კონკრეტული მაგალითებითურთ და (iii) კოდექსის სხვადასხვა ტიპის დარღვევებისთვის მკაფიო სანქციების შემოღებას აღსრულების/ზედამხედველობის მექანიზმის მეშვეობით;
xix. პერიოდულად და მიზანმიმართულად ჩატარდეს სავალდებულო ტრენინგები კეთილსინდისიერებაზე საშუალო და მაღალი რგოლის პოლიციელებისთვის, ასევე სენსიტიურ/მოწყვლად სექტორებში მომუშავე პოლიციელებისთვის;
xx. (i) შეიქმნას კონფიდენციალური მრჩევლების სისტემა და (ii) მოეწყოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შიდა ტრენინგი კონფიდენციალური მრჩევლებისთვის, რომლებიც შემდგომში იმოქმედებენ როგორც „გარე“ მრჩევლები, მათ შორის საპატრულო პოლიციისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციისთვის; და (iii) ორგანიზება გაუწიოს ანტიკორუფციულმა ბიურომ ინდივიდუალური ცნობიერების ამაღლების ინიციატივებს იმ ეთიკურ დილემებზე, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს, მათ შორის საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია და სასაზღვრო პოლიცია;
xxi. დაინერგოს პოლიციელის კეთილსინდისიერების რეგულარული შემოწმება საპოლიციო კარიერის მანძილზე ყველა დონეზე, განსაკუთრებით მენეჯერულ დონეზე და უფრო ხშირად, კორუფციული რისკებისადმი მოწყვლადობისა და უსაფრთხოების საჭირო დონის გათვალისწინებით;
xxii. შეიქმნას პოლიციელებისთვის როტაციის ინსტიტუციური სისტემა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჭიროებისამებრ, კორუფციული რისკების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად სფეროებში;
xxiii. (i) შეიქმნას ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმი დასაქმებისშემდგომი შეზღუდვების წესების განხორციელებისთვის სამართალდამცველი უწყებების მოხელეებისთვის და (ii) დაწესდეს ზედამხედველობის მექანიზმის უფლებამოსილება სათანადო სანქციების გასატარებლად დასაქმებისშემდგომი შეზღუდვების წესების დარღვევის შემთხვევაში;
xxiv. (i) შეიქმნას საჩუქრების რეესტრი პოლიციის თანამშრომლებისთვის; და (ii) დაინერგოს მკაფიო წესები პოლიციის თანამშრომლების მიერ საჩუქრების მიღებისა და დეკლარირებისათვის, რაც დაექვემდებარება სათანადო ზედამხედველობასა და აღსრულებას;
xxv. მოხდეს პოლიციის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ოპტიმიზაცია შემდეგი საშუალებით: (i) კორუფციის შესახებ საჩივრების ცენტრალიზებით ერთი მიმღების უზრუნველყოფის გზითა და მკაფიო ინსტრუქციების თანხლებით, თუ როგორ ხდება მიმართვა (ii) კოორდინაციისა და თანამშრომლობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც ეხება პოლიციაში გასაჩივრების მექანიზმს საზოგადოებისთვის მიწოდებული მკაფიო პროტოკოლების გზით; და (iii) საქმის მსვლელობაზე გამოხმაურებისა და საჩივრებისა და მათი შედეგების სტატისტიკის გამოქვეყნების უზრუნველყოფით პროცესის თითოეულ ეტაპზე გამჭვირვალობის სათანადო დონის უზრუნველსაყოფად;
xxvi. (i) მიღებულ იქნეს და განხორციელდეს პოლიციაში მამხილებელთა დაცვის ზომები; (ii) შემუშავდეს ანტიკორუფციულ ბიუროსთან სპეციალური გარე ანგარიშგების არხები და უზრუნველყოფილი იქნეს მამხილებელთა დაცვის შესახებ ეფექტური მონიტორინგი და მონაცემთა შეგროვება; (iii) ჩატარდეს მიზნობრივი ტრენინგები და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები სამართალდამცველ უწყებებში იერარქიისა და დაქვემდებარების ყველა დონისთვის;
xxvii. დაიყოს პოლიციელების მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევებისა და დანაშაულების შესახებ შეგროვებული მონაცემები და მათზე დაწესებული სანქციები თითოეული სამართალდამცველი უწყებისთვის;
"რეგლამენტის 30.2 წესის შესაბამისად, GRECO სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის 30 სექტემბრამდე წარადგინოს ანგარიში ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად გატარებული ღონისძიებების შესახებ. ღონისძიებებს შეაფასებს GRECO შესაბამისობის სპეციალური პროცედურის მეშვეობით.
GRECO სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე, გასცეს თანხმობა ამ ანგარიშის გამოქვეყნებაზე და უზრუნველყოს მშობლიურ ენაზე მისი თარგმანის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა", – ნათქვამია ანგარიშში.
- რა არის GRECO
GRECO 1999 წელს ევროპის საბჭოს (იგივე ევროსაბჭოს) მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ამოწმებს, რამდენად ასრულებენ წევრი სახელმწიფოები ევროსაბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებს.
- როდის დაამტკიცა GRECO–მ საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში
2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცეს. შეფასებისათვის GRECO-ს დელეგაცია 2023 წლის ივნისში იმყოფებოდა საქართველოში.
ანგარიშში შეფასბულია აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები, მათ შორის – ეთიკის პრინციპები, ინტერესთა კონფლიქტი, ცალკეულ აქტივობათა აკრძალვა და ქონების, შემოსავლების, ვალდებულებებისა და ინტერესთა დეკლარარიება.
- რატომ გამოქვეყნდა ანგარიში დღეს
GRECO–ს ცნობით, მსგავსი ანგარიშები კონფიდენციალურია და ის საჯაროვდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.
2024 წლის 26 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავდა.
„სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე“, - აცხადებდა TI.
მოგვიანებით, 26 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შემდეგი განაცხადა:
„სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული“.
პრემიერ–მინისტრს კონკრეტულად როდის განაცხადა საქართველომ თანხმობა არ დაუზუსტებია.


