TI: 2023 წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა
10/07/2024 08:26:10 პოლიტიკა
2023 წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "2023 წელს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს".
ძირითადი მიგნებები
- "2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვინაიდან ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი.
- 2023 წლის თებერვალში უმრავლესობის წევრებმა „ხალხის ძალის” სახით, პარლამენტს წარუდგინეს ე. წ “რუსული კანონი” რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტების განხილვას დიდი მღელვარება მოჰყვა საზოგადოებაში. აქციები 2-8 მარტის ჩათვლით გრძელდებოდა. საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ ინიციატივების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ხალხის ამ წინააღმდეგობამ და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
- საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე იმ 9 პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა.
- საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციის გაგრძელება იყო, ზოგიერთი კი სრულიად ახალი. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან შეასრულა მხოლოდ 3.
სტატისტიკური მონაცემები
- 2023 წელს 12 მინისტრის საათი და 6 ინტერპელაცია ჩატარდა;
- კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები 6-ჯერ დაიბარეს (5 შემთხვევაში ინიციატორი ოპოზიცია იყო, 1 შემთხვევაში კომიტეტი). ანგარიშვალდებული პირი 5-ჯერ დაესწრო სხდომას;
- 73 საკანონმდებლო პაკეტთა (245 კანონის პროექტი) პროექტზე ვადის გაგრძელება 111-ჯერ იქნა გამოყენებული;
- შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს, აქედან 77 უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო.[1] ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააგზავნა (582 კითხვა).
- დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 3 მოთხოვნა დარეგისტრირდა პარლამენტში, ყველას ინიციატორი ოპოზიცია იყო. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა.
პარლამენტის წევრთა აქტიურობა
- საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი;
- ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
- პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
- კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა)", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


